top of page
Search
  • saqcomisio

ყავა დანი

ძალიან უცნაური გრძნობაა სხვის შემცვლელად მოკლე პერიოდით მუშაობა. ჯერ ერთი თითის რეფლექსები უცნაურ ფეთქვას იწყებს როცა ეხება უცხო ხელის ზეთს სხვის მაუსზე, სტეპლერზე ან ზედა უჯრის სახელურზე. პირველ დღეს განსაკუთრებული მობილიზებით აკვირდები ტემპერატურას, საიდანმე ორპირი დაგიბერავს თუ უჰაერობით დაიხრჩობი შემდეგი ორი კვირა. ამ ჩექმებში არ დაგცხება თუ შეგიძლია გამოსაცვლელის წამოღება. საპირფარეშოში შეისვლება თუ ჯობია შესვენებამდე მოითმინო და გვერძე კაფეში გაიქცე. თანამშრომლების უმეტესოდა ცხვირზე გიყურებს თუ ფეხსაცმელებზე.

ვაკის ფილიალებში ერთი მამიკოს ბიჭი აუცილებლად მუშაობს, რათქმა უნდა ტანკისხელა ჯიპი ყავს და თმები ზედმიწევნითა აქვს დალაგებული. ამათგან ერთი რომელიმე (თუ სუყველა არა) სამზარეულოში გეპატიჟება ყავაზე „სანამ იქ არავინ არის“. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ერთ უცხოსთან დავლევ ყავას თუ ერთდროულად ათთან. ეს ის აძლევს საკუთარ თავს გამოფლირტავების შანსს და მეც ვყვები.

ერთ ერთი ამგვარი ყავის სმის დროს, ვერბალურად რომ ვერაფერს გახდა, პერანგის ღილზე საჩვენებელი თუთი მომადო და მეუბნება, მეშინია ღილი არ გაგიფრინდესო.

მე კი ვუპასუხე -როგორი გულჩათხრობილი ანანისტი ყოფილხარ მეთქი. მშრალად გავიღიმე და ნახევრად დალეული ჭიქა შევატოვე. ამის შემდეგ ვაკის არცერთ ფილიალში არ ვსარგებლობდი პოპულარობით. თანაც არცერთ ჯერზე როცა გოგოებს ვცვლიდი. ეწყინა იმ ბიჭს.

საბურთალოს ფილიალებში საქმე სულ სხვაგვარადაა. რატომღაც ყველა სათითაოდ გეკითხება დაოჯახებული ხარ თუ არა. სულ იმის განხილვაა ვინ რომელ ლაუნჯში განიტვირთა წინა კვირას და სად რა ხდება მომავალ უქმეებზე. საბურთალოს ამ ფილიალში უცნაურად იქცევა ერთი ბიჭი. მუდმივად ამთქნარებს, თან ან ყავის ყიქა უჭირავს ხელში ან ვინმეს ეხვეწება მომიდუღე ყავაო. თვალები სულ ამოღამებული აქვს, სახე ჩამომხმარი და ხელები უსისცოცხლო. ერთ დღეს ჩემს კაბინაში შემოვიდა და მთხოვა რაღაცის გადამოწმება პროგრამაში. სანამ კომპიუტერი „ლოადინგს“ აკეთებდა, მას სკამზე ჩამომჯდარს ჩამოეძინასავით. რატომღაც ვიფიქრე ნარკომანი ხომ არ არის მეთქი, რა უცნაური რამეა ადამიანის გონება, თითქოს სულ ცუდზე იწყებს ფიქრს ჯერ. მეორე კრედიტ ოფიცერიც გამოუძინებელი მეჩვენება. რამეთუ მუდმივად ამ ორთან მაქვს ძირითადი შეხება, ჩემი ეჭვი ორივე ნარკომანები ხომ არ არიან დღითი დღ მძაფრდებოდა მათი ჩაშავებული ყვიმრალებისა და შენელებული მოძრაობების გამო. ბოლო დღეს გამოანათა სინამდვილემ. აღმოჩნდა რომ ეს ორი ბავშვობის ძმაკაცები არიან, ერთი მეორის მეჯვარეა და ეხმარება სამი შვილის გაზრდაში. მისი უფროსი ქალიშვილი ხუთი წლისაა, მეორე ორის და მესამე ვაჟი მხოლოდ თვეების. ამ მრავალშვილიან ახალგაზრდა წყვილს მთელი სამეგობრო ეხმარება თურმე. ამის შემდეგ ისე შემრცხვა ჩემი თავის, ჩემი ფიქრების, იმ დღეს მთელი სულით შევპირდი საკუთარ თავს, ცუდად არასოდეს ვიფიქრებდი ადამიანზე თანაც ერთი შეხედვით.

მთაწმინდის ფილიალები დიდი მოსაწყენი რამეა. ერთ დახურულ სივრცეში ამღვრეული მამიკოს გოგო, დედიკოს ბიჭი, მაღალი თუ დაბალი, მდიდარი თუ ღარიბი ერთმანეთის მერსედესებს განიხილავს მუდმივად და არც კლიენტების აუდებს აკლებენ კრიჭას. მე კი როგორც თვითდაჯერებული უმანქანო, ბე ემ ვე იანის შემცვლელი დიდ ინტერესს ვერ ვიწვევ მათში. ამ მოკლე პერიოდში ურთიერთობების გაბმას აზრი არ აქვს. დამეგობრებას ვერც ვერავისთან ასწრებ, ისღა დაგრჩენია ლოყებ დამთბარი კოლეგიალური ღიმილით შემოვიფარგლო. ეს არის და ეს.

არ ვიცი სხვა დიდ კორპორაციებში როგორ არის მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში ჩემს მიერ მოსმენილი გაგონილი, ნანახი თუ შესწრებულით შემიძლია ვთქვა რომ ბანკში არასოდეს დადის ვინმეს სიყვარულის ისტორია ლეგენდად. არც საზაფხულო რომანები სრულდება შესაშური ქორწინებით. ერთმანეთის საყვარლობის ჭორები თუ ეჭვები კი არასოდეს ილევა, ცუდი ამბები გაბერილი ბუმერანგივით ტრიალებს და არც თუ ისე ხშირად ინდობს სხვის სარეცელს გარჩევისაგან. რატომღაც ამ სოციუმის ქვაბში გაყრა უფრო ფართოდ აღებს ყბას ვიდრე პირველი სიყვარულის თვალები მიწვდეს ჰორიზონტს.

მას შემდეგ რაც ლონდონიდან დავბრუნდი ჩემმა დეპრესიამ სამას პროცენტიან ზრდას გადააჭარბა. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, ორ და ოთხ საათზე თავი მიმძიმდება და მეტირება. ორზე იმიტომ რომ შესვენებიდან ვბრუნდები და დაუკმაყოფილობლობის გრძნობა თვალებში აღარ მეტევა. ოთხ საათზე კი ალბათ იმიტომ რომ უკვე ორი საათია რაც ტირილს ვიკავებ და უფრო მეტირება. ხელისგულები ერთმანეთს მივაჭირე და მზერა ჩავაძვრინე კლავიატურის ღილაკებს შორის ვიწრო მანშილებში. ნამცეცი ჩანს. ამას ვგავარ. რამხელაა სინამდვილეში სამყარო, როგორ დუღს დიდი ქალაქები, როგორ ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი, ამხელა ხმაური არც კი წარმომედგინა თუ არსებობდა.

- ყავა დავლიოთ? თავზე დამადგა ეკა 5 საათზე

- დავლიოთ და რამე კარგზე ვისაუბროთ.

ეკაც მალე წავიდა შოტლანდიაში, ახლდაბრუნებულზე ერთად გვეჩვენებოდა დერეფნები უფრო მყრალი, თანამშრომლები უფრო მოსაბეზრებელი და კლიენტები სულელები.

ამგვარი დეპრესიის გამო სერვისული ღიმილი მიჭერს შპილკით კეფაზე. თუ დღე ღრუბლიანია სიბრძნის კბილის ჩასწვრივ გულის მხარეს ბრაზი მღრღნის „რას მივდიოდი, უარესად დავიხრჩობი ამ ვალებში, უარესად დავინახავ აქ მარაზმებს, როგორ ღარიბულად მეჩვენება ცხოვრება, დღეში ხუთი ფილმი და ორი წიგნი არ მყოფნის ამის შესავსებად. დაეტიე რა სადაც დაიბადე, დაეტიე რა“ . თუ დილიდან მზიანი დარია და კაშაკაშებს ცა „კარგად იქნება ყველაფერი, კარგად იქნება, სად ვიმოგზაურო შემდეგ წელს???“


6 views0 comments

Opmerkingen


bottom of page