top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „დაზგა“

ბანკში მუშაობის დასაწყებად, დაბალ ან საშუალო თანამდებობაზე განსაკუთრებული არც განათლება და არც უნარი არ გჭირდება. თუ კი რაიმე უნარი გაქვს ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება და დაწინაურების პერსპექტივაც იჩენს თავს. თუ უუნარო ხარ, გასწავლიან როგორ ამუშაო რუტინა უშეცდომოდ და დასჯერდე ისეთ საჩუქრებს როგორიცაა, ბანკის გოლოთი გამოსახული შოკოლადი, რეკლამების დისკი ან ლოგოანი ბლოკნოტი ახალ წლებზე., სააღდგომოდ ფასდაკლება კვერცხებზე იგივე ფერის მარკეტებში ან შეღავათიანი სესხი სამოგზაუროდ. მოკლედ, ბანკში ყველა პროფესიის ადამიანს შეხვდები, ჭრა-კერვა-საქსოვი ხელობიდან დაწყებული უმაღლესი მათემატიკის პროფესორობით დამთავრებული. ანაბრების მენეჯერი გოგონა დიდ საფიქრალში იყო ჩავარდნილი ამ ზაფხულს. ვერაფრით გადაწყვიტა სამაგისტროდ ისტორიულზე ჩაებარებინა თუ ეკონომიურზე. მე კი ვურჩიე, თუ მასეა საქმე ეკონომიკის ისტორია ისწავლე მეთქი. მამიდაჩემი მაგალითად ფიზიკის ისტორიას ასწავლის, ანუ არც ფიზიკა იცის, ფაქტია რომ ფიზიკოსი არ არის, დიდად ვერც ისტორიულ ფაქტებში ერკვევა, უბრალოდ იცის რომელ წელს და სად აღმოაჩინეს მოლეკულა. ვინ დაწერა მენდელეევის ფორმულა ან რომელ ქვეყანაში აინთო პირველი ნათურა. შენც ასევე გეცოდინება რა ძროხაა ეკონომიკა, რა პირით რა კრედიტი მოაქვს და რა ძუძუებით რა დებეტი.

ეს ერთადერთი პრობლმა არ არის რაზეც ჩვენი ანაბრების მენეჯერი ფიქრით თავბრუს იხვევს. მას გულში ჩავარდნია ახალი თანამშრომელი, ეწ.წ ბანკში ხალხის შემომპატიაჟებელი. ეს ახალი თანამდებობაა, ბანკმა ის იქიდან გამომდინარე მოიგონა, რომ ხშირად ადამიანები მოდიან ბანკში მაგრამ არ იციან რა უნდათ. არ იცის ფული უნდა შემოიტანოს თუ უნდა გაიტანოს, სადმე უნდა გადარიცხოს თუ აქეთ გადმოურიცხეს. საბანკო ოპერაცია უნდა განახორციელოს როგორც ფიზიკურმა პირმა თუ როგორც იურიდიულმა. დოლარი უნდა იყიდოს თუ ევრო. შეიძლება უბრალოდ ბანკთან იდგა, დაინახა ხალხი შემოდიოდა და შემოვიდა თვითონაც. ამგვარი და კიდევ სხვა დაბნეული კლიენტებისთვის მოიგონეს ეს ახალი თანამდებობა. საკვირველი ის არის რომ ბანკირებს უკვირთ, რატომ არ იციან ადამიანებმა ფუნდამენტური განსხვავება ოპერატორს, მოლარე ოპერატორს და სალაროს შორის. არადა ვის რაში აინტერესებს.

ამ ახალ თანამდებობას დაარქვეს სახელი „ადმინისტრატორი“ სინამდვილეში ეს დატრეინინგებული შვეიცარია, შუქნიშნის მოვალეობას ასრულებს ჩამოუყალიბებელი ხალხისთვის. ამ ადამიანის დახმარებით უფრო ეფექტურად იმართება სამუშაო პროცესი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად ჟღერადი თანამდებობა უფრო გვეუხერხულება ვიდრე დაბალანაზღაურებადი მძიმე შრომა. ეს ბანკის მმართველობამ ძალიან კარგად იცის და კარგადაც იყენებს, აი შორს რომ არ წავიდეთ, ახალი თანამდებობა, შეხედავ ამხელა, მთასავით კაცი, მთელი დღე კარებში უნდა იდგეს. ყველა შემომსვლელეს ერთი და იგივე შეკითხვა დაუსვას, ერთი და იგივე პასუხი მოისმინოს და ასევე იგივე პასუხი გასცეს. მას ყველა სხვა თანამდებობასთან შედარებით ნაკლებ ხელფასს უხდიან, მაგრამ ნახეთ როგორ ჟღერს „ადმინისთრეიშნ“. ეს ისე მცირედი გადახვევა. ბატონი ადმინისტრატორი გიორგიმდე სამ დღეში ჩამოქვეითდა ჩემთან. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმის მოსაყოლად თუ როგორ იპარავდა მანქანებს საფრანგეთში, შვეიცარიასა და ბელგიაში. თანაც დიდი სიამაყით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით მათ ცუდი განზრახვით არ იყენებდა. უბრალოდ ერთი ქალაქის ავტოსადგომიდან მეორე ქალაქის ავტოსადგომზე ტოვებდა და ასე მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში , ევროპაში. ერთხელ მინდოდა მეკითხა ტანსაცმელსაც მაღაზიიდან მაღაზიამდე იპარავდა თუ სენდვიჩებსაც კაფედან კაფემდე. მეუხერხულა მაინც უფროსი კაცია. გიო ჩემი ერთადერთი ნაცნობია, პლეხანოველი, სადალაქოში რომ დადის. საღამოოობით ბირჟის ბიჭებთან ერთად დომინოს უბერავს და ხო „მერე რა რომ ზამთარია“.

პარასკევს დილას სიჩქარით გამოვვარდი სახლიდან მაგვიანდება მეთქი, სამსახურში რომ მივედი მეუხერხულა არავინ რომ არ დამხვდა, კომპიუტერს დავხედე და 8:55 იყო და არა 9:55. შემდეგ შაბათს ჩვეულებრივად მივედი როგორც პარასკევს,და ვერ მივხვდი თამარა რატომ არ მოვიდა სამსახურში და დავურეკე. მე და თამარა შაბათ კვირას არ ვმუშაობთ.

სამაგიეროდ ამ შაბათს მივაგენი პირველწყაროს, შემწვარი კარტოფილის თუ მოხარშული ლობიოს სუნი დაცვის ოთახიდან მოდიოდა თურმე. ამის გამჟღავნება ჩემი მხრიდან ვიუკადრისე და საქმე ისე მოვაწყვე თითქოს ეს გიომ აღმოაჩინა. ხომ იცით, ახალი ცოცხი ყოველთვის მეტიჩრულად გვის. ორშაბათს უზარმაზარი წერილი მოვიდა სათაოდან, ცხელი საკვების არ მირთმევაზე შესვენების ან ნებისმიერ დროს ბანკის შიდა საზღვრებში. მიკროტალღურ ღუმელს კი ვერცერთ ფილიალში ვერ შეხვდებით.


6 views0 comments

Comments


bottom of page