top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მულტფილმი დიდებისთვის“

ოცდაერთ თებერვალს სიზმარი ვნახე. ხელისგულებიდან გრძელი, შავი თმა მეზრდებოდა. მერე ვითომ იმხელაზე გამეზარდა დახრჩობა დამიწყო. კივილი მინდოდა, ამ დროს ენა ისე გამისუქდა ნიკაპამდე მწვდებოდა. მერე მუცლიდან კიდევ ერთი ხელი ამომივიდა, კეფაზე ჩამჭიდა და ღვიძილში ამომათრია. მალე შემახსენებელმა დაიწკმუტუნა ტელეფონზე „სალის დაბადების დღე, დღეს 7 საათზე, კამფეტი მაინც ვუყიდო“ . რახანია მაღვიძარას 8:30 ზე ვაყენებ, მაგრამ 8:29 - ზე ჩემით ვიღვიძებ და ვთიშავ. ისე დამადგა გულზე ეს სიზმარი, დაბადების დღეზე დამცინოდნენ ამდენჯერ ხელებს თუ ყოველ დღე დაიბან, ამისგან წონაში დაიკლებ კიდეც-ო. ისე უხასიათოდ ვიყავი არცერთ სურათში არ ვარ ამ წვეულებიდან.

გამოხდა ხანი თაკოს დაბადების დღემდე. მაისი.

ტრადიციისამებრ ამ დღეს დეკოლტეებს ვიცვამთ სამეგობროს გოგოები. ამ ჯერად მე, არამც თუ სადმე კანის ნატამალი, თავი ძლივს მიჩანს ისე მაცვია. ბოლო დაბადების დღიდან დღემდე ისე შევძელი, ოცდაერთი კილოთი ნაკლები ვარ. ასე სწრაფად წონის კლების გამო, კანი ისე დამეკუჭა შავ-თეთრი ნიანგი რომ არსებობდეს ჩემნაირი იქნებოდა. თმა ბიჭურად შევიჭერი და ყვითლიდან წითლად შევიღებე.

წვეულების დაწყებამდე თათბირია სათაოში, მართალია უინტერესო მაგრამ მაინც, თათბირია. ასეთი გამხდარი და შეცვლილი რომ მივედი ხმაზეც ძლივს მიცნეს სათაოს გოგოებმა.

თათბირი ჩაიშალა.

დიეტების და ჩემი სასწაულის ირგვლივ ყველა მისვამდა ათას შეკითხვას : „ გოგოებო! არავითარი ჯადოქრობა არ არსებობს, უბრალოდ გადავწყვიტე „აქ“ „ და საჩვენებელ თითს საფეთქელზე ვიდებ.

ძალიან მალე ახალი თანამდებობა მივიღე. სავარაუდოდ სიგამხდრის გამო, ანუ იმის გამო რაც ყველას მაგივრად შევძელი მე . სამუშაო იგივე, ოღონდ ახლა სათავო ოფისში და არავითარი ბანკის კლიენტები. პარასკევს მეგობრებთან ვიცინოდი ბიჭებო იმხელაზე დამაწინაურეს აწი ყველა წვეულებაზე ფულის გადახდა მე მომიწევსთქო.

რატომღაც მეჩვენება რომ აქ, სათაოში ყველას გამომწვევად აცვია, თუ იქცევა, თუ ყველას უნდა რომ მათზე ყველამ ასე იფიქროს არ ვიცი. მე პარასკევს ზურგჩანთით მივიტანე ფეხსაცმელები, ქუსლიანი ჯობიაო ასე მითხრეს და ასე შევეცდები მეც. ფეხსაცმელებს მაგიდის ქვეშ ვტოვებ რათქმაუნდა თვითონ კი წითელი კედებით გავდივარ. შენიშვნა მომცეს იმ წუთას..... ზურგჩანთაზეც, წითელ კედებზეც და ......

ნანკას არცერთი დილა არ შეზარებია ჩამოსვლა მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩემთან:

„დედი, დღეს რა გამხდარი ხარ?! „

„ვაიმე კუკუნა დღეს რაღაც მოპუსკუნებულივით ხარ, ხაჭო ჭამე დღეს ?!“

ეს ორი ტექსტი არ ეშლებოდა არასოდეს. თუ ცუდ ხასიათზე იყო მსუქანი ვეჩვენებოდი და თუ კარგზე, მაშინ აუცილებლად გამხდარი.

ის პერიოდი რაც სათაოში გავატარე ერთ დიდ, უფორმო და ნაცრისფერ ლოდს შემიძლია შევადარო. აი თითქოს ავად გავხდი და არ იცი როდის მორჩები. რატომღაც ყველაფერს მეტი სერიოზულობით და მეტი სიმძაფრით აღვიქვავდი. ძირითადად ჩუმად ვიყავი. ცოტას ვლაპარაკობდი, არც რესტორანში წასვლა მიხაროდა, მითუმეტეს კორპორატიულ ექსკურსიებზე თავის გამოჩენა მინდებოდა, სიზმრები გამი შავ-თეთრდა და თექვსმეტი წლის გოთი თინეიჯერივით „გაუხუნდა ცხოვრებასაც ფერი.“

მიუხედავად იმისა, რომ აქ მშრომელთა უმეტესობა გოგოები არიან, ისეთი გადაპრანჭულები დადიან თავი ქალთა ცენტრში გეგონება და არა სადაზღვევო კომპანიაში.

- თუ კი რომელიმე სართულზე ან ლიფტში ჰალსტუხი დაინახე, ეგრევე ჭერში აიხედე, ეგ ან უკვე ვინმეს ქმარია ან საყვარელი,- მითხრა ერთმა გოგომ, რომელსაც თმა გადაჭიმული ქონდა ხოლო შუბლი სპეციალურად გამოწეული უფრო წინ ვიდრე ნიკაპი, შევამჩნიე უმეტესობას თავი სწორედ ასე უჭირავს. ეს სავარაუდოდ ხარის ჟესტია ? ! მე ჩემსას ყველაფერს მივაწვები-ს გულისხმობს ალბათ.

რვის ნახევარზე გამეღვიძა, ცხრის ნახევარზე გადავივლე, ათის ნახევარზე ვისაუზმე, თერთმეტის ნახევარზე პროგრამა გავხსენი, თორმეტის ნახევარზე ზურგი მეტკინა, პირველის ნახევარზე მომშივდა, ორის ნახევარზე ჰაერზე მესიამოვნა, სამის ნახევარზე სტუმარი მესტუმრა, ოთხის ნახევარზე შუადღე გადავიდა, ხუთის ნახევარზე აღარ მეჩქარება, ექვსის ნახევარზე სტარტზე ვარ გასაქცევად....ყოველდღე.....

კონსერვატორიაში ჩასაბერი ინსტუმენტების ფესტივალი დაიწყო. ბოლო კონცერტზე მისვლას ძლივს მოვაბი თავი. რომ გამოვედი ცოტა გავისეირნე. თავში ამომიტივტივდა განტოლება, რომელმაც მთელი თვე დამტანჯა. განტოლების მთავარი შინაარსი კი იმაში მდგომარეობდა რომ ლამის ხუთი წელი გავიდა რაც მუშაობა დავიწყე, თუ ჩემს საკრედიტო დავალიანებას კარგად დავაკვირდებით გამოდის, ერთი ხუთი წელი კიდევ უნდა ვიმუშაო რომ ეს ყველაფერი გადავიხადო.

კიდევ ორი ათასი დავიმატე სესხად, ავანგარდული მათხოვრებისთვის სალონი გავხსენი, ექვსი თვე ვმუშაობდი დღე და ღამე, კვირაში მხოლოდ სამი საათი თუ მეძინა ჯამში. მალე არაამქვეყნიურ უბედურებას დაემსგავსა ჩემი ნერვები უძილობისგან.

ექვსი თვის შემდეგ გადავიხადე უკანასკნელი სესხის მომსახურეობის საკომისიო და წერილი დავწერე : „მოგესალმებით,

რადგან, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას,

მინდა მოგეფეროთ და მადლობა გადაგიხადოთ ერთად გატარებული საათებისთვის, დღეებისთვის, წლებისთვის. გაჭირვებაში მხარდაჭერისთვის და გემრიელად გასახსენებელი მხიარულებისთვის . მინდა იცოდეთ რომ უდიდეს პატივს ვცემ უკლებლივ ყველა თანამშრომელს, თანამშრომლობის მიღმა ვაფასებ თქვენთან მეგობრობას და იმ ღიმილებს რომელიც ასე ავსებდა ჩემი ცხოვრების ამდენ წელიწადს. გისურვებთ დიიდ წარმატებებს სურვილების ასრულებაში!

დახმარებისა თუ მოკითხვისთვის ნებისმიერ დროს დამიკავშირდით ტელეფონზე ან პირად მეილზე.

მუსიკას - შეუძლია ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.




13 views0 comments

Comments


bottom of page