top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მისტიური მასტი“

თანამშრომელს აქვს შეღებილი, გრძელი, სწორი თმა „ჩოლკით“. გვერძე გადავარცხნილი და უკან შეკრული. ეცვა თეთრი პერანგი და შავი ჟაკეტი, ნაქსოვი. არანაირი სამკაული არ ეკეთა და არც მაკიაჟი ჰქონდა, თითები მოწესრიგებული, მაგრამ ლაქი არ ესვა.

სამუშაო მაგიდა იყო სუფთა და მოწესრიგებული, არ ეწყო ზედმეტი ნივთები, უხერხულობას ქმნიდა ის რომ კონსულტაციისას კლიენტი დგას ფეხზე, რაც საკმაოდ დამღლელია (30 წუთი)

თანამშრომელთან მიმიყვანა საკრედიტო ოფიცერმა და გააცნო მოკლედ ჩემი მოთხოვნები, მან ბოდიში მომიხადა მთხოვა დავლოდებოდი 5 წუთი. კონსულტაციისას მიყურებდა თვალებში, მიღიმოდა, დაჯდომა ვერ შემომთავაზა, რადგან თვითონ დახლის იქეთ ზის. თავი არ წარუდგენია, მომენტალურად დაიწყო კონსულტაცია. სახელი არ უკითხავს, საუბრობდა გასაგები ტერმინოლოგიით, გამართული ქართული, ნორმალური ტემპით,გარკვევით, სასიამოვნო ხმის ტემბრით. -+ჰქონდა კეთილგანწყობილი გამომეტყველება, ჯდომის მანერა გამართული, სახე ჩემსკენ მომართული, არ იყენებდა კატეგორიულ ფორმებს, რამდენჯერმე გამოიყენა უკუკავშირის ფორმები, იყო თავაზიანი არ მაწყვეტინებდა ლაპარაკს. მომსახურების შემდეგ გადამიხადა მადლობა, დამემშვიდობა საკუთარი ინიციატივით და მითხრა : „მობრძანდით, გელოდებით“.

თანამშრომელი ორიენტირებული იყო გაყიდვასა და მომსახურებაზე, ასე ვთქვათ აქებდა ყოველ შემოთავაზებულ პროდუქტს და ცდილობდა გაეთვალისწინებინა ჩემი მოთხოვნები. გადმომცა სავიზიტო ბარათი და მითხრა დავკავშირებოდი ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში.

ეს მისტიური მასტია. აღწერილი თანამშრომელი კი მე. ეს პირველი შეფასებაა რაც მივიღე. ბანკმა და მისთანა კომპანიებმა ამ სახით სერვისის შემოწმება, ხარისხის მართვის კონტროლისათვის მოიგონეს. ჩემთვის კი ეს ვეებერთელა მაკრატელია, რომლითაც ჩემს წლიურ ბონუსს კაპიკებად დააქუცმაცებენ.

რომ ჩავიკითხე იქეთ დავუწყე გაკრიტიკება, მე ამბიციებით სავსემ: თმის ვარცხნილობა ისე აღწერა რა პარიკმახერია თვითონ, სხვა არაფრის ჩაცმა არ შეიძლება და რა ვქნა. ბოლოს თეთრი პერანგი რომ გამოვიწერე წითელ ღილებიანი ჩამოვიდა . ერთ საათში იმხელა წერილი მომივიდა მენეჯერის კაბინეტიდან, მთელი შესვენება ატელიეში ვიჯექი ფარდაშემოხვეული, სანამ ღილებს შავებად გამომიცვლიდნენ. სამკაულები მიხდება დიდი, თვალშისაცემი და ხმაურიანი, ასეთი კი არასერვისულია და მაგიტომაც არ მიკეთია საერთოდ. თითებზე ლაქი მხოლოდ გოგოშკურის შეიძლება, ვარდისფერი, რძისფერი ან რაღაც ეგეთი, აბა ლურჯ და წითელ მანიკურს მე ვერ წავისმევ და.

რა ბედნიერებაა დახლის იქედან პირადი ლეპტოპი რომ არ ჩანს. არადა აკირა კუროსავას „დოდესკადენი“ მაქვს დასტოპებული. მაკიაჟის საკითხს გამოვასწორებ როგორმე. რაც შეეხება პოზას მანერას და თვალებით კლიენტზე ზეწოლას, ეს იმდღიდან გამომიმუშავდა როცა დავიჯერე რომ დაზღვევა კარგია. დახლზე იმხელაზე აწერია ჩემი სახელი და გვარი შეიძლება ადგილიც დარჩეს ბიუსტის მოსახატად. ჯამურად რა შეკრიბეს და რა გაამრავლეს ვერაფრით ამოვხსენი, მაგრამ ათიდან ექვსამდე ასე გამოვიყურები თურმე:

· მისი კომუნიკაციური უნარ ჩვევების მაჩვენებელი (0.80) უფრო დაბალია, ვიდრე გაყიდვების უნარებისა (0.96) –

· როგორც ჩანს. თანამშრომელს ზოგადი კომუნიკაციური ნარ ჩვევებიდან მაქსიმალური მაჩვენებელი (1.00) მეტყველების მანერის, პოზისა და მიმიკის უნარებში აქვს, ხოლო მინიმალური (0.50) კონტაქტის დამყარების უნარში

· როგორც სურათიდან ჩანს, თანამშრომელს გაყიდვის უნარ ჩვევებიდან მაქსიმალური მაჩვენებელი (1.00) პროფესიულ, ალტერნატივის შეთავაზებასდა სარეკლამო მასალებით უნარები აქვს.ხოლო მინიმალური (0.90) პროsდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უნარში. მოცემულ თანამშრომელზე დაკვირვებით დაფიქსირდა ასევე სხვა პროდუქტების შეთავაზება.

არიქა.

რამდენიმე დღის შემდეგ უცნაური მესიჯი მივიღე ტელეფონზე :

- Tqveni gacnoba sheidzleba ?

- Sxvagan moxvdit - სკოლის პერიოდშიც კი არ დაუსვავს არავის ჩემთვის ასეთი დებილური შეკითხვა ტელეფონით.

- Me tqveni mistiuri takvanismcemeli var, dzalian momecone roca shefasebaze vikavi ….

- Mitumetes – IDI NAXUI !

ცოტა ფული თამარას გამოვართვი, სახლში მაღაზიებიანი ქუჩით მივედი, ვიყიდე სპილოსძვლისფერი ლაქი, ვერცხლისფერი, სადა ბეჭედი, საჩვენებელი თითის ზომა. ყურზე მიბჯენილი შავი საყურე, ერთი თმისამაგრი და ერთიც პომადა, ყავისფერი. პუდრიც ვიყიდე, მაგრამ მეორე დღეს თამარამ ფული კიდევ დამიმატა, ამას ფუნჯიც უნდა უყიდო ისე ვერ წაისმევო.კლიენტებს სამის ნაცვლად ხუთჯერ მივმართავდი სახელით, მიუხედავად იმისა რა ძნელად გასამეორებელიც არ უნდა ყოფილიყო სახელი: ზაური ცხვარაძესი, დონარა (დოჩ ნაროდა ) ლურსმანაშვილის, დინამო ქვრივჭირიშვილის, თუ დალოსტი (და ზდრასტვუი ლენინ ი სტალინ) კბილცეცხლაშვილის.

ამ შემოდგომამ ისეთი ნალექით ჩაიარა, საახალწლოდ ნიგოზი ამძაღდა.


16 views0 comments

Comments


bottom of page