top of page
Search
  • saqcomisio

„დრეს კოდი „-ს აბზაცი

ამ კვირაში ბანკის სათავო ოფისიდან ლამის ორ გვერდიანი წერილი მოვიდა თითოეულ ჩვენთაგანთან, სამუშაო საათებში ჩაცმულობის შინაგანაწესის გამკაცრების შესახებ.თეთრი ფერის პერანგები, ძირითად შემთვევაში მუქი, იშვიათად კი ნაცრისფერი კაბა - შარვალი.ფეხსაცმელიც მუქი, მოკლედ, ტანსაცმლის ზომა და წონა სანტიმეტრსა და მილიგრამებში გაიწერა. ერთ მომენტში მე თვითონაც გამიჩნდა სოლიდარობის გრძნობა ამ წესდების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმას რა სასაცილოდ გამოიყურება სქელმინიანი ფანჯრის მიღმა ფულის დამთვლელი გოგონა, მაგალითად დღეს, წამწამიდან წარბამდე მწვანე ფერის მბზინავი საცხი უსვია, ვარდისფერი პერანგი აცვია, პერანგს გულის მხარეს კისრიდან ჭიპამდე მოპრუჭნული ლენტები დაყვება, ლენტებს შორის აფოფრილი ბანტები კი იმ ფრად ბრჭყვიალებს, თვალზე რომ უსვია. მეორე მოლარეს ოთხმოცი წლის ბებია მოუკვდა და ორმოცამდე შავებს არ იხდის. ამ გოგონას იმხელა ფრჩხილები აქვს და ისეთი მოვლილი, ჯერ ერთი გგონია რომ უჯრაში უზარმაზარი ქლიბი უდევს, თუ არ უდეს მაინც ასე გგონია. მეორეც, სამსახურის გარეთ ფრჩილების მოვლის გარდა სხვა რამეზე თუ რჩება დრო , ძნელი წარმოსადგენია. ამისთანა უკონტროლო მდგომარეობიდან გამომდინარე მკაცრად გაიწერა სამსახურში ჩაცმის სტილი და პოლიტიკა. გოგონებისთვის თმა აუცილებლად შეკრული და დავარცხნილი.მინიმალური მაკიაჟი, არავითარი კვასკვასა პომადა და სახემდე დასმული შავი თვალის ფანქარი, ფეხსაცმელი დახურული, თორემ ერთ გოგოს ისეთი სანთლები აცვია პლიაჟი მენატრება ხან და ხან. სამკაული მცირე ზომის, ხმაურს რომ არ გამოსცემდეს, სამოსი ისეთი გამჭვირვალე არ უნდა იყოს რომ საცვლები ჩანდეს. შავ თეთრის კომბინაცია, ყოველგვარი კოპლების, ბანტებისა და ლენტების გარეშე.მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე, მთელი ყურადღება ღიმილზე და სასიამოვნო განწყობაზე კლიენტის მიმართ. მამაკაცების მხრივ საქმე უფრო მსუბუქათაა. ერთადერთი ბიჭია, მის ფეხსაცმელებს იმხელა წვეტი აქვს, მაგიდის ქვეშ როგორ ატევს მიკვირს პირდაპირ.

ამ ხნის განმავლობაში, ჩემთვის უდიდეს პრობლემას მხოლოდ ფეხსაცმელი წარმოადგენს. განსაკუთრებით საზაფხულო კლასიკური ფეხსაცმელი. ფეხის ტერფი განში უფრო დიდი მაქვს ვიდრე სიგრძეში.ზამთარში ზომით დიდ ჩექმაში არაუშავს, კედები, ბოტასი ან ღია და თავისუფალი ფეხსაცმელი კიდევ მოიძბნება რამე, მაგრამ აი სწორედ კლასიკური ფეხსაცმელი სრული კატასტროფაა, ჯერ არსად შემხვედრია ფეხსაცმელი, რომლიც თან განიერია და თან ლამაზი. თუ განიერია და კარგად მერგება კალოშისაგან ვერაფრით გაარჩევ. თუ არადა ფეხსაცმელში ფეხი ისე მაქვს ჩატენილი დღის ბოლოს რამდენიმე ადგილიდან სისხლიც მომდის. ხოლო როდესაც ფეხსაცმელი ტერფის ფორმას მიიღებს და გამეკომფორტულება, უკვე ისეთ დღშია რომ უნდა გადავყარო. ამიტომაცაა სამსახურში არასოდეს ვიგვიანებ, კედებით მივდივარ, ვიცვლი, უამრავ ბამბას ვიტენი და ისე დავდივარ საღამომდე.

ჩვენს ქალაქში ერთი - ორი კლუბია სულ რაღაც, სადაც პარასკევს და შაბათს დავდივართ მეგობრები, ვიძენთ და ვკარგავთ ახალ ნაცნნობებს, დილამდე ვიჭყიპებით წყალწყალა კოქტეილებით, ვცეკვავთ სისულელეებზე, უფრო სასაცილოდ კი ისინი ვისაც ცეკვა არ გვეხერხება და არც გვიხდება.მაგრამ ამხელა ხმაზე, ასეთ ხმაურიან მუსიკაზე „ვის ენაღვლება“. გამთენიისას სახინკლეში ჩიხირთმას ფანტანებიდან ვსვავთ და მეორე შუადღეზე ერთმანეთს ვუყვებით გუშინ კლუბში, ვინ ვის რა უთხრა ყურში.

ამ პარასკევსაც დიდი სიხარულით ჩავიცვი „როგორც იქნა“ ფერადი,თავისუფალი ტანსაცმელი და მეორე სუნთქვა გამეხსნა შეტყობინება როცა მოვიდა ხელფასის ჩარიცხვაზე. გადაპრანჭული გოგონები მხიარული ღამის მოლოდინში თვალებ აბრწყინებული მივედით ღამის კლუბის კარებთან. ჯიგიდმა დაცვამ აგვხედა დაგვხედა და გამოგვიცხადა : დღეს კლუბში „ბლექ ორ ვაით“ ფართია მკაცრი დრეს კოდით, წადით შავ თეთრი ჩაიცვით და ისე მოდითო, ისევ სამსახურის ფორმას თუ ჩავიცმევდი კლუბში რაღა მინდოდა.გოგოები სხვაგან წავიდნენ, მე ჩაჭედილი ფეხსაცმელები ხელში დავიჭირე და სახლამდე ფეხშიშველი მივედი. როგორ მძულდა ამ გზაზე ეს შავი ღამე და თეთრი მთვარე, ვინ იცის.

შვებულებები რომ დამთავრდა ჩემს ყელზე მოხვეული შარფები მხოლოდ იმას არ გულისხმობდა რომ სტამბულში საუკეთესო ფასდაკლებები დავიმსახურე. არამედ, ასეთმა ბიუჯეტიანმა შვებულებამ ერთი-ორი გრანდიოზული ნაბიჯით დამაშორა ცხოვრებაში სხვა რამის კეთების ცდის შანსს.

უმეტესობამ ზღვაზე აირჩია დასვენება, დაიზაგრნენ აჯიკა გადასმული გოჭებივით მადის აღმძვრელად. ზოგმა სოფელს მიაშურა ჰეი, ჰეი, ჰეი, და მოიკიდა ადამიანის ფერი, მთიდან დაბრუნებულებს კი თვალის უპეებიდან სიშავე ისე გაუქრათ, თითქოს არც არასდროს ჰქონოდეთ. თითოეული ჩვენგანისთვის შეკითვა „როგორ ხარ“ აუცილებლად, ყოველგვარი განაკლისის გარეშე მთავრდებოდა პასუხით „რავიცი მიჭირს შვებულებიდან „აქ“, დაბრუნება“. მე კი პირიქით, შვებულება მიჭირდა, ამ ორი კვირის განმავლობაში იმაზე ფიქრი, თუ როგორი საამოა ცხოვრება და მე როგორ ვხარჯავ ამ ძვირფას დროს, იმას რასაც ვერ დაიბრუნებ და ვერც გაამეორებ.


40 views0 comments

Yorumlar


bottom of page