top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „შუქი მოვიდა მაგრამ სად „

თვეზე მეტია საშინლად დაღლილი ვიღვიძებ.დღის განმავლობაში თავბრუ ისე მეხვევა სამუშაო მაგიდას ერთი ხელით მაგრად ჩაჭიდებული ვარ, რომ არ წავიქცე და მეორეთი ვმუშაობ. აქამდე ჩემს მდგომარეობას მძიმედ გადატანილ ზამთარსა და ამინდ არეულ მარტს ვაბრალებდი, კალენდარზე მარტიც დამთავრებულა, ჩემი სუნთქვა და გულის ფრიალი ქამელეონივით არაპროგნოზირებადი გამხდარა. ოფისურ ბანკირულმა რუტინამ ისე ჩამითრია, თითქოს ხორცის მანქანაში ჩამყვა თითი, სადაცაა სხეულს ბოლომდე ჩავაყოლებ ამ მანქანაში, არადა ექიმთან მისვლა გულშიც არ დამიშვია, უბრალოდ ველოდები როდის გამივლის.

არ მახსოვს საიდან, სახლში იპოვე თუ მე თვითონ ვიყიდე წამალი რაუნატინი, ბაბუაჩემს ჩემი ხელით ვასმევდი თავბრუსხვევის საწინააღმდეგო წამალს. ორი აბი დავლიე. ხელები ისე დამისივდა ბეჭდები ძლივს მოვიხსენი, ფეხსაცმელში ფეხი აღარ მეტევა და მე თვითონ მიკვირს რატომ მიყიდია ერთი ზომით პატარა ტუფლი. რა სისულელების ჩადენა შეუძლია თურმე ადამიანს.

ერთ დრესაც აი ესე უბრალოდ ვზივარ მაგიდასთან და სკამიდან ჩამოვარდი, მაგრად ვკიკივარ თურმე ოღონდ ეს ჩემი ხმა მე არ მესმის. გვერდითა კაბინიდან თემო გამოვარდა და ხელში აყვანილი ჩამიყვანა სამზარეულოში. ბანკის ეტიკეტის მიხედვით სასწრაფოს გამოძახება არ შეიძლება სულ რომ გაშავდე. მშიოდა ალბათ და იმიტომ შემაქანა მეთქი დავიმშვიდე თავი. არადა აგერ უკვე მერამდენე დღეა ვჭამ და ოცი ან ორმოცი წუთის შემდეგ პირღებინებით ვიხრჩობი, თუ არ ვჭამ თვალები და ტუჩები ბაყაყივით ისე მისივდება, მეშინია საუბრისას ყიყინი არ წამომცდეს. მეორე დღეს ცხვირიდან სისხლი წამსკდა, ტუალეტში შევედი და ცხვირზე ცივი ტილოს დადებით შევეცადე დენის შეჩერებას, ოცი წუთის შემდეგ შორენამ და თემომ კარი შემომინგრიეს, თორემ გულწასული ვიცლებოდი ადამიანის ძირითადი თვისებების მატარებელი წითელი სითხისაგან.

იმ დღეს ჩემი ოჯახის წევრთა დიდი დაჟინებით ლამის ძალმომრეობით მიმიყვანეს ოტო -ლარინგოლოგთან. ზევახი, ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი პიროვნება და ექიმი. მკაცრი, დაუნდობელი, სანდო და დამაჯერებელი. ეს ფიზიკურად ხანში შესული თორემ სულ-გულით ახალგაზრდა კაცი.

ზევახს თეთრი ხალათის მარჯვენა მხარეს მკერდთან ჯიბე აქვს. სოლიდური სათვალის უკნიდან მისი თვალი ტრიალებს ჩემი ანალიზების პასუხების მთელს ნუსხაზე.მანამდე გამსინჯა მაგრამ ხმა არ ამოუღია ჯერ. ახედავს, დამხედავს, ახედავს კიდევ დამხედავს, ისე მათვალიერებს სადაცაა დავიჯერებ რომ მაგიდის მეორე მხარეს უცხოპლანეტელი ვუზივარ.

- ნორმალური ხარ გოგო შენ? -დაბნეულად ვუღიმი და აბსტრაქტულ სივრცეში ვიყურები, შეხედვას ვერ ვბედავ

- რატომ იწვალებდი შვილო თავს ამდენი ხანი?

- მოვკვდები? -ხალათის ჯიბეს დავაშტერდი

- შენ ისეთი ურჩი ჩანხააარ ,მმმმ... თუ დამიჯერებ , არა!

დამინიშნა : წითელი, ყვითელი, ორჯერ თეთრი აბი, ფერადი კაპსულაც, ერთი ამპულა ნემსი და იმაზე უფრო დიდი ამპულა დასალევად. ჩემს თვალწინ გადაზომა მუშტიდან იდაყვამდე ბინტი, ორჯერ, პასტის სისქეზე გამოჭრა და ზედ მდოგვისფერი წამალი წაუსვა. ჰორიზონტალურად დამაწვინა და ექთანს უთხრა მაგრად დაიჭირეო. ის მაჯებში ჩამაფრინდა, მე კი მორჩილად გავირინდე. ლარინგოლოგის გარდა ალბათ არც არავინ იცის რომ ცხვირის ნესტო ტუჩის ჭრილამდე იწელება, ლოყისკენ. ამ სიგრძე წამალწასმული ბინტი ამ კაცმა ჩემს ცხვირში მოათავსა ისე , რომ ოპერაციის დასაწყისში მეგონა ამ რკინის სამედიცინო ინსტრუმენტით ცხვირიდან თვალის კიდეს მიწვდა შიგნიდან. რამე კარგის იმედი მაინც მაქვს პროცედურის დასრულებამდე, თუმცა ცხოვრება ხომ მუხთალი რამეა :

-ცხვირს ხელი არ მოკიდო ! ორი დღე და ორი ღამე ვერ დაიძინებ! ვერც ისუნთქებ! ერთ- ორ საათში წამალი ბეტონივით გახმობას დაიწყებს და სახე მთლიანად ძალიან მოგეფხანება შიგნითა მხრიდან! მოვითხოვ დაჟინებით, ცხვირს ხელი არ მოკიდო!სავალალოდ წავა შენი საქმეები იცოდე ! მესამე დილას მოხვალ და მე თვითონ გამოვათავისუფლებ შენს ცხვირს! ეცადე რამე კარგზე იფიქრო და ძირითადად იწექი, სიარულს დიდად მაინც ვერ შეძლებ, ჭამე ბევრი რაც შეიძლება ბევრი საქონლის ღვიძლი, ნახევრად სისხლიანი, და ამ დღეებში დავნიშნავ გლანდების ოპერაციას!

- ვაიმე შვებულება რომ არ მეკუთვნის?

- არ გამაბრაზო თორემ მე თვითონ დავურეკავ შენს უფროსს - გადაირია კაცი მაგის ჭკუაზე ვივლი ეხლა ზუსტად ხომ იცი! არა, რა ამბიციები აქვს ამ პატარა გოგოს უყურებ შენ -ტოჟე მნე მინისტრი ! თვალი ჩაუკრა ექთანს და თავი ჩამსკენ გადმოაქანა - წადი ეხლა და ჭკუით იყავი შენ!

სახლამდე, მანქანაში ჩემს თავს ველაპარაკები. თან გული გამისივდა ნერვიულობით, ოღონდ არა ჩემს ჯანმრთელობაზე, არამედ უკვე ას პროცენტიანი ბანკირივით :

ვაიმე ეხლა რომელ უფროსს დავურეკო, ვაიმე როგორ მოვუყვე რომ ავადმყოფი ვარ, ვაიმე რომ არ მომცენ შვებულება, რომ არ დამიჯერონ ასეთ მდგომარეობაში როგორ მივალ , ვაიმე ჩემი პოლისები, მითუმეტეს კლიენტები და თანმშრომლები რომ დამირეკავენ, ვაიმე ვაიმე ვაიმე.

უცებ მუცელში აფეთქდა ზევახის სიტყვები :

-„ტოჟე მნე მინისტრი!“

ერთ წუთში გავიზარდე.

ხოდა, დიდი ადამიანივით სამივე უფროსისგან ავიღე ბიულეტინი ღია თარიღით.

ორმოცდათორმეტ საათში მოვასწარი გამომეცადა ლეგენდაზე უფრო მძაფრად, თუ რას გრძნობდა ბიჭი, რომელიც სურამის შენებისას ციხეს ჩააყოლეს, როცა წამლიანმა ბინტმა გახმობის პიკს მიაღწია.რაზე შეიძლება ეფიქრა ცოტნეს მის კანზე თაფლი რომ გახურდა, მაშინ როცა ჩემი სხეულის ტემპერატურამ ორმოცდა ერთ ნახევარი აჩვენა. სისხლიანი ხორცის ჭამას კი მერჩივნა ის რკინის ჯოხი ვარსქენს შუშანას მაგივრად ჩემთვის ერტყა.

სიკვდილის გარდა ყველაფერს ამ ქვეყნად განგრძობითი დასასრული აქვს.

ამ სამი დღის შემდეგ კიდევ სამი დღე რომ გავიდა ზევახი ადგილობრივი ანესთეზიით გლანდების ოპერაციას მიკეთებს. ოპერაციის მსვლელობისას ანეკდოტებს მიყვება, თან აყოლებს :

-მამიკო, შენ არ გაიცინო მამი, პირში დანა მაქვს მამი!

ამის შემდეგ ექიმები და ბანკირები ერთი სართულის გვერდიგვერდ უჯრაში მოვათავსე, უცნაურობის კატეგორიაში.

ნახევარი თვე სახლში გავატარე, ხვალ სამსახურში ვბრუნდები. აივანზე ჩამოვჯექი.თურმე ორი წელი გავა რაც სახლში ახალი ნივთები გვაქვს, მათზე უფრო მეტი კი საყიდელია. სამაგიეროდ ინფორმირებული ვარ თანამშრომლებს შორის ვისი მანქანა წვავს უფრო მეტ საწვავს. არ ვიცოდი თუ დედაჩემს ხელფასი მოუმატეს, სამაგიეროდ აუცილებლად მეცოდინება ვის უფრო მეტი ბონუსი ჩაურიცხეს ამ თვეში. ჩემს შუათანა ძმას სტილი შეუცვლია, სამაგიეროდ ეკა და ნინო თმის ერთი შეჭრიდან მეორე შეჭრამდე არ მომცემენ საშუალებას თმის სიგრძე დამავიწყდეს, მერე შეჭრა რომ შევუქო არც ეგ უნდა დამავიწყდეს.

ოცდათხუთმეტი თევზი დავხატე ამ დღებში გუაშით. თითოეულ მათგანზე კარგად ჩანს რომ ნაგვიან საკვებზე მეტად ნაგვიანი ინფორმაცია მაწუხებს და მასუქებს. ლამის ერთი წელია ჰიუგოს „კაცი. რომელიც იცინის“ ორი ეგზემპლიარი მიყიდია, ერთი სამსახურის უჯრაში მიდევს, ერთი საწოლის თავთან, ორივე ხელუხლებელია!

გული ამიჩუყდა რამდენ გამოფენას, საინტერესო ლექციას,და საერთოდ ხელოვნების სახელოსნოების კივილ-გუგუნს ჩაუვლია უჩემოდ. მე სამსახურის შემდეგ, ან ინგლისურის ლექციებზე ვზივარ გამოყურსული, გეგონება ისეთი ნიჭიერი ვიყო, მეც ეხლა შექსპირი არ წავიკითხო ორიგინალში. ან ბიზნეს მენეჯმენტ, მარკეტინგ, ან ამგვარ კურსებს ვტკეპნი მომავალში გარანტირებული ორიგარქივით. ხო კიდევ წარჩინებით ვესწრები მუდმივად სემინარებს „კორპორატიული სტანდარტები“, რომელიც სინამდვილეში ზრდილობისა და საზოგადოებაში ქცევის წესებს შეიცავს.

ვერ ვიტან დაუთოებულ მანჭეტებს, დაკუჭული მირჩევნია.


12 views0 comments

Comments


bottom of page