top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „სტომატოლოგი VS. ექიმი“

ჩემს მიერ გამომუშავებული ას ორმოცდაათი ლარი საშემოსავლოთი დაბეგრეს და შემდეგი კვირისთვის დამიბარეს, ჩემი შესაძლებლობების ახლა უკვე სხვა ამპლუაში მოსასინჯად.

იდაყვამდე ხელებჩამოშვებული ცისფერი მაიკითა და დაუთოებული ჯინსის შარვლით მივედი. ჩემი უფროსის მაგიდის სანათზე ფაიფურის ანგელოზი ეკიდა, ამავე მაგიდის ქვეშიდან კი ორი წყვილი კლასიკური, სადა ფეხსაცმელი მოჩანდა, „გამოსაცვლელად ალბათ“ - გავიფიქრე და გულისყური საჰაერო ბურთივით გავბერე მის მოსასმენად.

შევთანხმდით, ამ ჯერად გამომუშავებით ანაზღაურებაზე, სამ კვირიან სამუშაოზე და ჩემი სიყოჩაღის გამოჩენაზე. სამუშაო ერთი შეხედვით ძნელი არაფერი, სამი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში იაფფასიანი პოლისები უნდა გამესაღებინა. გრაფიკიც ძნელი არაფერი, თერთმეტიდან ოთხ საათამდე.

სტომატოლოგიურ კლინიკებში მივხვდი რომ ამ პროფესიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ავირჩევდი თუკი ყრუ დავიბადებოდი. მთელი ამ დროის განმავლობაში ბურღის ხმამ, წამლების აუტანელმა ინტენსიურმა სუნმა და მუდმივად სხვის აყროლებულ პირში ჩავარდნილი ექიმების შემყურეს ერთ დღეს სურვილი მომაწვა, შემომერბინა მთელი ქალაქი და დღე და ღამ გავარვარებულ თონეში ჩაკიდებული, ქუნქულა ფქვილ აკრული მეთონეები ჩამეკოცნა. ცნობილია სტატისტიკა რომ სტომატოლოგების უმეტესობა თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. რაოდენ სასაცილო სტატისტიკაა არ ვიცი მაგრამ ყოველ დილას და შუადღისას ერთი მომხიბვლელი მამაკაცი ექიმი სხვა დანარჩენ არც თუ ისე ნაკლებად მომხიბვლელ ქალბატონ კოლეგებს ეხიბლავებოდა თვითმკვლელ სტომატოლოგებზე ანეკდოტების მოყოლით. ვერაფრით ვერ ვიცინოდი.

ათ დღეში სტომატოლოგების გრაფიკი ამოიწურა.

ვინც კი ოთხმოცდაათიანებში, მოსკოვებში და პეტერბურგებში სამედიცინო განათლება მიიღო, დღეს თბილისში მრავალკორპუსიანი სამედიცინო ცენტრი აქვს გახსნილი. თუ არადა უეჭველად მეგრული წარმოშობის გვარი აქვს, რაც ამგვარ კლინიკებში დიდ პრიორიტეტად მიიჩნევა და მთავარ ექიმად თუ არა რაც გამოსდის იმის ექიმად მაინც მუშაობს.

თუ კი ასეთ დაწესებულებაში ფეხის შედგმას გაიძულებს შენი ჯანმრთელობა, უფრო სწორედ ავადმყოფობა, დაუთვალიერებელი არცერთი სართული არ დაგრჩება, ისინი დამაჯერებელი გულმოდგინებით იზრუნებენ ჯერ თქვენი, მერე ახლობლებისა და ნათესავების საფულეების გამოცარიელებაზე.

ლეგენდა იმაზე რომ ექიმების უმეტესობა ლოთები და მექალთანეები არიან ჩემს თვალწინ გაცოცხლდა. ეს კი იმიტომ ხდება რომ ამდენი უბედურების ნაყურებს თავიანთი თავი არ შეეცოდოთ, საკუთარი თავის შეცოდება კი დეპრესიას იწვევს რაც ამ პროფესიისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ერთხელ წარმოვიდგინე ერთი მსუქანი მელოტი ქირურგი, რომელიც უკვე მერამდენე დღეა ჩემთან უშედეგო გაარშიყების შემდეგ, ჩემგან მიღებული უარების გამო ოპერაციის მსვლელობისას ტირილს იწყებს.

სინდისი კი ისეთი რამეა, ამ ღამეს ხომ ცუდად დამაძინა, მეორე დილას კი მაიძულა მასთან ერთად დამელია სამზარეულოში კონიაკიანი ყავა.

მესამე კვირის ორშაბათი, დილას სარკეში ვიყურები, დიდხანს, ოცი დღე, წამლების სუნით ნიკაპამდე ჩამოშავებული თვალები, არცერთი გაყიდული პოლისი, შუქიც წასვლის დრომდე თუ არ მოვიდა, მომიწევს დასაუთოებელ მაიკას ისეთი გამომეტყველება მივაღებინო თითქოს დაკუჭული სტილისაა. მახსენდება ჩემი უფროსის ნახევრად რუსულ აქცენტიანი ხმა გაგუდულად დამისვავს კითხვებს. - მე რას ვპასუხობ? -იქნებ გზაში მოვიფიქრო რამე.


4 views0 comments

Comentarios


bottom of page