top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „საკუჭნაო“

კიდევ ერთმა შემოდგომამ გააყვითლა ჰაერი გარეთ. კიდევ ერთმა ზარმა გვამცნო სწავლის დაწყება.კიდევ ერთმა ხემ ჩამოაგდო ხურმა ჭაში. კიდევ ერთხელ დაუკრეს თავი პურის თავთავებმა სავსე მზეს. მე კი, კიდევ ერთხელ მივიწერე გამოსამშვიდობებელი წერილი და პლეხანოვის ფილიალში გადავბარგდი.

შენობა, რომელშიც ბანკის მორიგი ფილიალია განთავსებული ჩემთვის, გასულ საუკუნეში სომეხმა მეცენატმა ააგო თავისი ქართველი საყვარლისთვის. თბილისურ სახლებთან შედარებით დარბაზები საკმაოდ დიდია,კიბეები სათანადოდ განიერი, მოაჯირები კი ხის, მასიური და გამძლე. დარბაზებს დაყვება მუხის აივნები. ჭაღის რიკულები თავისუფლად აცოცხლებს სურათს, თუ როგორ ცეკვავდნენ აქ ევროპულ ყაიდაზე გამოწყობილი ქალები მოჭერილი კორსეტებითა და კუსავით განიერი კაბებით. ქსეროქსი, კომპიუტერი და პოლიეთილენის საოფისე სკამები ისე არ უხდება ამ სიძველეს როგორც მსუქან ქალს მოკლე შორტები. ყველა ოთახს საიდუმლო გასასვლელი აქვს თავისი პატარა და დიდი საკუჭნაოებით. ზოგი მათგანი კაბინეტებად არის გადაკეთებული, ზოგიც გამოტენილია ბანკის მაკულატურით.

ჩემს გვერდით საჯარო რეესტრის თანამშრომელია გამწესებული, აგერ უკვე ერთი წელია. რაც იმას ნიშნავს რომ ახლა მე ვზივარ მის გვერდით და არა პირიქით.მერამდენე დღეა სულ რაღაც წიგნებს აქსეროქსებს, იშვიათად მელაპრაკება, ეს ძალიან უცნაურია. ჯერ ერთი წიგნის დაქსეროქსება პირველად ვნახე და მეორეც, მიკვირს რატომ არ ავსებს ჩემს დოსიეს და არ მეკითხება ვინ ვარ, რა ვარ, საიდან მოვდივარ და ვისი გორისაც ვარ. ბევრს იცინის შიდა ჩეთის ფანჯარასთან და ჩემსავით ადრე მოდის სამსახურში. შევატყვე გადაჭარბებულად მოწესრიგებულია, ათას შეცდომას არ უშვებს საბუთის გამოწერისას და ზოგ ზოგიერთებივით არც ამაზე წუწუნით იკლავს თავს. ვნახოთ რა იქნება.

პირველ სართულზე აიტიშნიკები სხედან, ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური. მათთან ერთად გატარებული წელიწადნახევრის განმავლობაში,თეორია პრაქტიკამ განამტკიცა, ჩემი მოსაზრება ამ პროფესიის ადამიანებთან დაკავშირებით . ამ პროფესიის ადამიანები ძალიან განსხვავდებიან საშუალო სტატისტიკური ადამიანებისაგან თანაც მორიდებული შესამჩნევობით. თუ წარმოვიდგენთ რომ ჩვეულებრივი ადამიანის გონება გამოიყურება როგორც თორმეტი საათი, აიტიშნიკის გონება იქნება თორმეტს რომ ოცდახუთი წუთი აკლია. თითოეული მათხანის ყოველდღიური ზრუნვა, ბედნიერება თუ განცდა ხარისხობრივი რაოდენობით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. მათი გონების ფიქრთა განყოფილებაში ნაკლებად რჩება დგილი ბოროტებისთვის, იშვიათ შემთხვევაში კი თავიდან წამოსულმა იმპულსებმა გაიძვერულ საქციელს მიაღწიოს ნოლს უტოლდება.

გოგოების უმეტესობას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი სირთულის თუ ფერის კუბიკ რუბიკი რეკორდულ დროში ააწყოს. ყველა ბიჭს კი ამავე დროში ძალუძს ნებისმიერნიშნა რიცხვს ფესვი ამოუყვანოს.

საკრედიტოში პირდაპირ პროპორციულად ჩამოდის წყალი წვიმის დროს შუა ოთახში. სისველისგან გაბერილი ლამინატი იბერება ცისკენ. ამიტომაც საკრედიტო ოთახს სტალაქტიდას ოთახი შევარქვი. ეტყობა სისველის გამო, სინესტემ გადააჭარბა და ფერად ფერადი ტარაკნების შემოსევა გვაქვს. ჩემი თაოსნობით აიტიშნიკები გვერდში დამიდგნენ, რადგან პირველ სართულზე მომატებული რაოდენობით შეიმჩნეოდნენ, ფილიალის მენეჯერთან ვუჩივლეთ დამლაგებლების მენეჯერს, მიეღო სანიტარული ზომები თანაც სასწრაფოდ. შედეგმა გამოიღო რა გინდა, შემდეგ ორშაბათს უჯრები სავსე დაგვხვდა მკვდარი ტარაკნებით. ამ ამბის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ მოვიწვიეთ დამლაგებლების მენეჯერი და კიდევ ერთხელ ვთხოვეთ სამუშაო საათების დაწყებამდე სასწრაფოდ ამოესუფთავებინა უჯრები. მან კი ზეპირად მოგვითხრო მათი შინაგანაწესის 232/ბ პუნქტის 4ქვეთავე, რომლის მიხედვითაც დამლაგებელს უფლება არ აქვს თანამშრომლის უჯრაში ხელი ჩაყოს. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია , გვათხოვოს რეზინის ხელთათმანები და მერე ქლორი ხელების დასაბანად. ამასობაში საკრედიტოში ლამინატის სტალაქტიდაზე შეყუდებული ტაშტი გავსებულა და წყალდიდობა შეიქმნა. მოკლედ, იმ დღეს ფილიალი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა, სანამ კრედიტ ოფიცრებმა შვაბრა მოძებნეს აბა ტილოს წურვას ხომ არ დაიწყებდნენ და ააშრეს, სანამ გაპრანჭული ოპერატორები ტუჩების პრუწკვას მორჩნენ და უჯრები ამოფერთხეს. სხვა დანარჩენები კი გადაჭარბებული მორჩილებით შევეგუეთ ხვედრს.

ამ თვის ბოლო უფრო დაძაბული შეიქმნა ვიდრე ველოდით. გვიანობამდე შემოვრჩით თანამშრომლები საბუთების დალაგებაში, რომ შაბათ კვირა უფრო მშვიდი ყოფილიყო. საერთოდ ბანკირებში ასეა, პარასკევს საქმეები თუ არ მოაწესრიგე და ისე წახვედი, მერე მთელი შაბათ კვირა ერთი სული გაქვს როდის მოვა ორშაბათი, დარწმუნდე რომ სწორ გრაფაში სწორი რიცხვი ჩაწერე, ან სადაც უნდა ყოფილიყო „კი“ „არა“ ხომ არ მიუთითე და ასეთ უამრავ დამღლელ საქმეზე გეფიქრება და უარესის წარმოდგენით განტვირთვას ვერ ახერხებ. ამ თვის გვიან პარასკევს ასე თავჩარგული ფურცლებსა და ფაილებში ამ ჩემმა მეზობელმა რეესტრის გოგომ ვაშლი ხომ არ გინდაო. მმმ, - კი მეთქი და არც გამიხედია ხელი გავიწოდე მხოლოდ და ჩავკბიჩე.ხრაშუნის ხმა მარტო მე რომ გავიგონე მეუხერხულა რაღაც, მეოთხედამდე რომ მივედი გავხედე -შენ რატომ არ ხრამუნებ მეთქი - მინდოდა მეკითხა მაგრამ დავინახე არ ჭამდა და წინადადებაში შეკითხვა შევცვალე“ შენ რატომ არ ჭამ -ით“ .

- რავიცი ერთი ცალი მქონდა - ო, ისე გაიღიმა და ხელის მტევანი ისე დააქნია, აი ზუსტად ამ მომენტში მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემი მეგობარი უნდა გამხდარიყო. სინამდვილეში ასეთი წამებისაგან შედგება ადამიანის ფუნდამენტური ღერძი, რომლის ირგვლივაც ხორცს ისხამს ცხოვრება, დედამიწასავით. რაც უფრო მეტია ასეთი საათები, მით უფრო ხარისხიანია ცხოვრებაც.

ეს ზამთარი და ნახევარი გაზაფხულიც ძალზედ მხიარულად გავატარეთ მე და თამარამ, ვკითხულობდით წიგნებს და უკვე წაკითხულს ვუზიარებდით ერთმანეთს, ვუყურებდით ერთი და იგივე ფილმებს და პერსონაჟებს ვადარებდით ჩვენს ირგვლივ მყოფებს. იმას უგემრიელესი საჭმელები მოქონდა შესვენებისთვის, მე კი ყავა და პრიანიკი გაძლების საათისთვის. გაძლების საათი ხუთისთვის იწყება, და ექვსს რომ ათი აკლია პიკს აღწევს. ამ საათს უფრო ადვილად ვიტანდით თუ კი ვდაობდით, ვთანხმდებოდით, ვიცინოდით და ვბრაზობდით ადამიანთა სევდაზე, განათლებაზე და სისულელეების გამნიშვნელოვანებაზე. მეგობრობაზე, მტრობაზე, და სიყვარულზე. არასოდეს ვლაპარაკობდით რეგილიაზე. ეს მართლა ის ადამიანია ვინც მარხვას გულით ინახავს. მის ნებისმიერ საქციელს ან გრძნობა უდევს ან გონება. არასოდეს აკეთებს რამეს მოდის, პონტის ან სხვის თვალში რომ ამაღლდეს გამო, ბევრი, ბევრი, ბანკირისგან განსხვავებით.

იმის გამო რომ ქალები კაცებზე გაცილებით მეტნი იყვნენ, უცნაური ტენდენცია დამკვიდრდა ფილიალში, შესვენებაზე ჯერ ქალები შედიოდნენ სამზარეულოში, მერე კაცები. სამი კაცი ძლივს რომ ეტევა ეგეთი კუთხე ჩამოტეხილი მაგიდა დგას., ცალი ფეხი სკოჩით მიმაგრებული. სკამები და თაროები რვა კაცის სამყოფი. ყველა კუთხეში კი ობობის აბლაბუდები, დამლაგებლების მენეჯერს პასუხი მუდმივად ჰქონდა პროტესტზე „ეხლა მოქსოვა, ეხლა მოქსოვაო“, მარტო მე და თამარას გვიკვირდა რა რაოდენობის ობებები უნდა მოსულიყვნენ ამ სისქე ქსელი ერთ ორ საათში რომ მოექსოვათ. მოკლედ, ტენდენციურობას რომ მივყვეთ , სულ ისე ხდებოდა რომ გოგოები იმყოფებოდნენ სამზარეულოში პირველიდან სამამდე, ბიჭები საკრედიტოდან კი ოთხის ნახევრისთვის. მე და თამარას ყოველთვის გვერჩივნა ბიჭებთან ერთად შესვენება. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ გოგოებს არასოდეს ელეოდათ თემები ქალური სისტემის ირგვლივ , მაგალითად: მენსტრუალური ციკლის, პირველი ღამის, ორსულობის, წყლების ღვრის, მშობიარობის, ბავშვის კუჭის აშლის და განავლის ფერის, წინა ღამეს ვისმა ქმარმა რა აღებინა და ვინ რა ოყნა არჩია, ვისი დედამთილი უფრო ბოროტია ან ვისი გინეკოლოგია უფრო ღმერთი. ბიჭები ან ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ ან უჩუმრად ამთავრებდნენ ულუფას, ამის გამო ჭორები თურმე ფილიალს გაცდენია იმის გარკვევაში ვისზე გვეჭირა თვალი მე და თამარას, ასე გვიანობამდე რომ გვერჩივნა შიმშილი. არადა ჩვენ მაგრად გვიკვირდა იმ მოლარე გოგონების საკრედიტოს ბიჭებს ცოლად რომ მიყვებოდნენ. რა სასაცილოდ გამოიყურება სცენა სექსის შემდეგ სიგარეტ გაკიდებულები რომ განიხილავენ თავიანთ უფროსებს, წინა დღის კლიენტებს ან მომავალ ბონუსებს.

ღრუბლიან დღეებში ორმაგი რაოდენობით ვსვავ ყავას. პლასმასის პაკეტებში რომაა შეფუთული, ისევ პლასმასის ჭიქაში ჩაასხამ პლასმასის ბიდონიდან გადმოსხმულ ცხელ წყალს და ქვიშანარევი სოიოს გემო უფრო აქვს ვიდრე ყავასთან მიახლოებული რძის. ამდენი უგემური ცხელი წყალი უფრო მეტად მიჩქარებდა გულს და საღამოს კორვალოლს ვაყოლებდი დესერტად.

მხიარული ზაფხულის დადგომის იმედით გადავაგორეთ სიცივეები და სიგრილეები. მაისის დადგომისთანავე ჩვენი პრობლემების გრადუსმა აიწია სამსახურის კედლებს შიგნითაც და გარეთ. ხან მე გამოვყავდი თამარას ძლივს მოსურიელებული პირადი მდგომარეობის გამო, ტირილით ჩაკეტილი ტუალეტიდან, ხანაც მე სისხლძარღვების შევიწროების გამო გულწასული თამარა იგივე ტუალეტიდან. ოფისში კი ამ ჯერად მთელს სიგრძეზე ძველად დაგებულ ხალიჩას სიცხისა და სინესტისგან მკბენარები გაუჩნდა. ამის გამო გოგოებს ფეხები მუხლამდე დაჭმული და ფხანისგან დასისხლიანებული გვქონდა სამარცხვინოდ. ფილიალის მენეჯერმა გეტრები ჩაიცვითო - მონახა გამოსავალი, სანამ სანიტარიის რიგი მოგვიწევდა. არადა ბავშვობიდან მძულს ეს შავი, მუხლამდე გეტრები, ჩემს მეგრელ ნათესავებს რომ აცვიათ ხოლმე გასვენებებში გაგანია აგვისტოში. მაგრამ რას იზამ „რაც გეზარებიოდეს ის გეძალებოდესო“ -ამბობენ, თხელმა გეტრებმა ვერაფერი გვიშველა და მე და თამარამ სქელი გეტრები ამოვიცვით, ფეხებს კომპიუტერის ქეისზე შემოვაწყობდით და ერთმანეთს რკინის ნერვებს ვუსურვებდით.

გამოხდა ხანი, დავაკვირდი, ფეხის დიდ თითებზე ფრჩილები შესამჩნევად გამილურჯდა. ვის თუ არა თამარას გავუზიარე ჩემი გულის და ფეხის ტკივილი. თვითონ ჩამწერა ყველაზე ცნობილ დერმატოლოგთან. კლინიკა კი ორი ქუჩის უკან იყო და მეც ფეხით წავედი. კონსულტაციის ფული რათქმაუნდა თამარამ მასესხა, ჩემი ხელფასი ხომ ეხლა მხოლოდ სესხებში მიდის. მაინც და მაინც იმ დღეს ურიცხვი პრაქტიკანტი ყავდა ექიმს. ვისაც ფეხის არეში პრობლემა ჰქონდა ერთ განსაზღვრულ ოთახში შედიოდა,იქ შევედი მეც, ფეხზე გავიხადე და მოვემზადე. პროფესორი დაიხარა, დაიხარნენ სტაჟიორებიც, პროფესორი არ გასწორებულა ისე მიყურებს თვალებში, მიყურებენ მოხრილი სტაჟიორებიც, დიაგნოზის მაგივრად მეკითხება :

- ფეხსაცმელი რომ გიჭერს ვერ ხვდები? - ძილის წინ ვალერიანი და ნაკლები ნერვიულობა გამომიწერა გაღიზიანებულმა, ჩეკის მაგივრად - მაგ ფულით ახალი ფეხსაცმელები იყიდე-ო - გამიცინა და ისე გამომიშვა, დაბნეულად იყურებოდნენ სტაჟიორები. ამ დღის შემდეგ მივხვდი , ნებისმიერი ფიზიკური ავადმყოფობა, ფსიქიური პრობლმის გამოძახილია და მეტი არაფერი.

დიდი დარბაზის ძველი კედლები სამწუხაროდ „გუბკა“სავით არ ისრუტავენ საოფისე ხმას. დღეს ერთსულოვნად შევამჩნიეთ, როგორც კი თეო თავისი კაბინეტიდან ჩვენს დარბაზში ფეხს შემოდგამს ყველას ყურადღება მისი ფეხსაცმლის კაკუნზე გადაგვდის სანამ ის მთელს დარბაზს არ გაივლის და აივანზე არ გავა. აივანზე დამონტაჟებულია ტუალეტები, თეო დღეში ათჯერ მაინც შედის ტუალეტში და იქიდან სველი თმებით გამოდის. თამარამ ყველას მაგივრად გადასცა შემონათვალი, რომ თეომ ან ფეხსაცმელი გამოიცვალოს ან ტუალეტი . თეომ აქეთ შემოგვითვალა რას მისმენთ და რას მიყურებთო. ჩვენსავე თავს იმედი მივეცით იქნებ ზამთარში ან თმები აღარ დაისველოს ამდენჯერ ან ფეხსაცმელი გამოიცვალოს, მაგრამ, ხომ ვამბობდი უბედურება ყველა ბანკირისთვის როგორიცაა, ზამთარში თეომ ახალი ფეხსაცმელი იყიდა ყველაზე მაღალი და წვრილქულსლიანი ჩექმები, რომლებიც ახლა უკვე ბრახუნებს, და არც თმების დასველებას ეშვება, მართალია წყალი ზედ კულულებზე ეყინება მაგრამ რავიცი უცნაური ხალხია ეს აიტიშნიკები და ვერაფერს იზამ.

ივლისის ბოლს საგზაო საცობები არ არის. ბავშვებს და მოზარდებს ნაკლებად შეხვდები, უფროსებიც შვებულებას ამ პერიოდში იღებენ და სიცხისგან გახიზნულ ოჯახებთან ერთად აფარებენ თავს ჩრდილში. მე მიყვარს ამ პერიოდში თბილისში ყოფნა, არის რაღაც მისტიური მარტოკა ნაყინის ჭამაში. კვირა დღე იყო ვახომ დამირეკა, ამოდი ვიპიკნიკოთო, ვახოს წყნეთში კერძო სახლი აქვს, ეზოში კი ბევრი ხეები. შუა დღე რომ გადავიდა მეც ავედი. ავიტანე ცივი ატამი. ვახომ ნახევარზე მეტ ლიტრიანი ვისკი დამახვედრა. ვახოს დედამ ატამი დაგვიჭრა და ყინული გაგვიმზადა. სხვენის ოთახში დავხსედით, ცოტა ნარდი ვითამაშეთ, მალე მოგვბეზრდა, თამაშების მიმართ აზარტულები არცერთი არ ვართ და ალბათ მაგიტომ. ჭიქიდან ჭიქამდე ვუყვებოდით ერთმანეთს ჯერ სასაცილო ისტორიებს ცხოვრებაში, რომანტიულ მომენტებს , ბედის უკუღმართობას , ბოროტებას, ღალატს და ამ დროს .....

ორივემ აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი სხეულების ირვლივ ბნელოდა და მხოლოდ ცარიელი ბოთლი ანათებდა. სიცილით და ფხუკუნით ჩავარდით ეზოში, ვახოს დედას სულ არ ეცინებოდა. მე ჩემს ძმას დავურეკე სადაც დამტოვე იქ მოდი სასწრაფოდ და წამიყვანე თქო. ჩემი ძმა მალე, მაგრამ ჩემზე უფრო მთვრალი მოვიდა. მის მანქანას კი „ვიღაც“ გოგო მართავდა. უკან მიხედვის თავი არ მქონდა ისე წამოვედი წყნეთიდან.

ორშაბათს ფერდაკარგული და ტუჩებგადალურჯებული მივედი სამსახურში. ყველა ჩასუნთქვაზე მეშინოდა ამოსუნთქვისას გული არ ამრეოდა დარბაზში. შესვენებამდე უკვე იმდენჯერ მქონდა პირღებინება შეუძლებელთან ერთად სამარცხვინოც იყო იქ გაჩერება. მაინც ზაფხულია და ხანდახან დღე ისე გავა არც არავინ მომიკითხავს მეთქი და იქნებ დღესაც ასეთი დღე გამოდგეს და თამარას ვთხოვე თუ ვინმე მიკითხავს უთხარი ეხლავე მოვა თქო, დამირეკე და ტაქსით მოვარდები.

დავწექი და ტელეფონს ყველაზე ხმამაღალი ფუნქცია ჩავურთე. ორ საათში მოვედი გონს, იმავე პოზაში ვიდევი გაუნძრევლად . 16 გამოტოვებული ზარი დამხვდა.

შუაღამეზე გამიკვირდა ვახომ რატომ არ მომიკითხა მეთქი და დავურეკე, დედამისმა მიპასუხა მთელი ღამე გადასხმებს ვუკეთებდით საავადმყოფოში და ახლა სძინავსო. შემრცხვა რაღაცნაირად, მე რომ ესე გადავრჩი.

ქვე აბზაცი „ ომი“

სესხის აღების უკანასკნელი ლიმიტის უკანასკნელი შანსი თითიდან გამოვიწოვე. ამასთან ერთად ოცდახუთი ტიპის დოკუმენტი შევაგროვე და დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა დავჯავშნე ათ საათზე. წინა ღამეს თერთმეტ საათზე დავწექი, იმ მოტივით რომ მეორე დღეს ადრე უნდა ავდგე. ყოველ ერთ საათში მეღვიძებოდა რვა საათის მოლოდინში. როგორც იქნა გათენდა, გათენდებოდა აბა რას იზამდა. ათის ნახევარზე ჩავირბინე საელჩოსთან. დაცვის ბიჭი კარებთან დგას და ისე იღიმება ეჭვი მიჩნდება რომ დამცინის. მივუახლოვდი , საუბარი წამოვიწყე და მივხვდი არ შევმცდარვარ „გოგონი დღეს შენს ქვეყანაში ომი დაიწყო და საელჩოდან ყველა თავის ქვეყანაში წავიდა და ჩემთან მოხვედი“ -ო ? ! მუცელში ლავასავით სქელი და ცხელი მასა ჩამექცა, გული ისე გამიცივდა ამხელაზე ჩანასუნთქ ჰაერს თუ ამოვისუნთქავდი აღარც მეგონა. ტელეფონს დავხედე არ იჭერს, სახლში მისვლას აზრი არა აქვს, მე ბოლო გამოვედი, სამსახურისკენ დავეშვი ისევ. ნახევარი გზა გავიარე და რაც კი ომზე ფილმი მქონდა ნანახი ყველა გამახსენდა.ელბაქიძის ქვაფენილიან დაღმართზე ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა მაინცა და მაინც იმ ადგილას მოვინდომე სადაც გადატეხილი ბოთლის ძირი ეგდო თავისი ნატეხებით. ტროტუარიდან ფეხი ჩამოვდგი და ყველაზე დიდ ნამსხვრევს დავადგი. ძალიან თხელი ფეხსაცმელები მეცვა იმ დღეს. ტკივილის გააზრება და ტაქსის გაჩერებას როგორ მოვასწრებდი ფეხსაცმელი სისხლით გამევსო. ტაქსმა პირველივე ტრამვატოლოგიურში მიმიყვანა, ჩემდა გასაოცრად სავსე იყო იქაურობა თავგადაპარსული ბიჭებით, სისხლით და აფორიაქებული ექიმებით, სანამ ერთმა ექთანმა ჩემთვის მოიცალა, საკმაოდ მოითხვარა იატაკი ფეხ ქვეშ. ფეხი გადამიხვიეს, შრატი გამიკეთეს და რაღაცეები დამაბარეს, თუმცა გამოვცდი თუ არა ჭიშკარს ყველაფერი დამავიწყდა. , სამსახურში მაინც მივედი, კოჭლობით, უზარმაზარი რიგი დამხვდა ანაბრის ბანკიდან მუთაქაში შენახვაზე. შიდა ტელეფონები არ ჩერდებოდა, რეკავდა და რეკავდა, მათ შორის ჩემიც. ორი საათის შემდეგ სახლში წამოვედი. შრატის ნანემსარი ხელი ისე ამტკივდა მეგონა მომძვრებოდა.დავიძინე.სააკაშვილის ხმამ გამაღვიძა ტელევიზორიდან. ტელეფონები არ იჭერს, ინტერნეტი ყოველ ათ წუთში ითიშება. ტელევიზორში განუწყვეტელი კურიერი და სოცილურ ქსელებში გაბმული პანიკა საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისა.

მერამდენე ღამე იყო აღარც დაგვითვლია, რაც არ გვიძინია, გვიჭამია და ნერვიულად კრიჭაშეკრული მივშტერებოდით ტელევიზორს. ღამის ორ საათზე მაუწყებლობა გაითიშა. მანამდე მიშამ დაგვარწმუნა თუ თბილისიდან გასაქცევი შეიქმნა მე გაგაღვიძებთო, დიდის ამბით არ გავქცეულიყავით ეხლა ჩვენც. დედამ დამამშვიდებლები დაგვალევინა, ჩვენც დავაღეთ პირები ძილში. ხუთის ნახევარზე რაღაცამ შემაქანა მაგრად. წამლით ჩაკაიფებული ძილ ბურანში თავი და ნახევარი ტანი გავყავი აივანზე, საზიზღარი დენთის სუნი იდგა. გული დამწყდა, თურმე როგორი დიდი მნიშვნელობით ეპოტინება ადამიანი თავის უმნიშვნელო ცხოვრებას. ტირილი ამივარდა, როგორ ვერ მოვასწარი საკუთარი ცხოვრების გარდაქმნა ისე რასაც ხალასი სიცოცხლე ქვია, მატერიალური, მორალური თუ სოციალური პრობლემები სახრჩობელასავით რომ მადგა კისერზე სადღაც გაქრა. მეტირებოდა იმ მინდვრებზე, მთებზე, აისზე და დაისზე რომლის ნახვაც ვერ მოვასწარი, იმ ბრჭყვიალა თოვლზე და მიწის გუგუნზე წვიმის დროს, როგორი ღარიბია ადამიანის გული თურმე. დავიფიცე, იმ ღამეს მთელი აზრით დავიფიცე, თუ ჩემს ქვეყანაში ომი აღარ იქნებოდა, არასოდეს, არასოდეს ვიტირებდი უმისამართოდ!

ათ აგვისტოს სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს თუ ომში ოჯახის წევრი არ დაგიკარგადვს სამუშაოს დაუბრუნდიო. ხოდა მეც დავბრუნდი.

უამრავი განაცხადი შემოდიოდა ჯარისკაცების სესხის ჩამოწერაზე. კორპორატიული გუნდურობის გამოსაჩენად ერთი დეპარტამენტი თუ მიდიოდა ლტოლვილებისთვის მშენებლობაზე მოსახმარებლად, მეორე დეპარტამენტი ბორჯომში გარბოდა ხეების დასარგავად. შორენამ მითხრა ჩვენც გავიღოთ რამე სამშობლოსთვისო და სისხლის ბანკში წავედით. ჯერ სნიკერსებით გამოვიტენეთ ჯიბეები, ასე გვითხრა ვიღაცამ. შევედით თუ არა პოლიკნინიკაში სხვა ბანკირი ბიჭები დაგვხვდნენ. ტაში ატეხეს მოვიდნენ ქართველი დედებიო, ურიგოდაც გაგვატარეს. რაღაც ოთახში შევედით, მძაფრი კომუნიზმის სუნი იდგა, ჯერ მე გამისინჯეს წნევა მერე შორენას, ჯერ შორენას ჩამოუწიეს თვალის ყვიმრალები მერე მე. გულდაწვეტით და ცოტა გაბრაზებით გაგვიშალა გაურკვევლობის ჟესტით ხელი ექთანმა :

- რავა ყველა ერთნაირად გაფითრებულები ხართ ეს ბანკის გოგოები, რავა ერთბაშათ წყალწაღებულები რა გჭირთ რა გჭირთ, აქედან რომ გახვალთ მარჯვნივ მეორე კარში შედით და უთხარით აქეთ გადმოგისხან ერთი ორასი გრამი, თქვე უბედურებო, ცოტა სიცოცხლის ხალისი მოგეცემათო.

სიცილ ფხუკუნით გამოქცეულებმა პირველივე პარკში შევჭამეთ ჩვენი სნიკერსები.

დეკემბრამდე დაუსრულებლად გრძელდებოდა მოყოლილის ან მონაყოლის მონაყოლის მოყოლა, ვისი ბიძაშვილი ვის სოფელში იბრძოდა, ვის მეზობელს რამდენი ტყვია მოხვდა და მაინც როგორ გადარჩა. ვინ რამდენი ინერვიულა და მითუმეტეს ვინ რამდენი წარმოიდგინა. ხოლო რა გვეშველება დღეის ამას იქით გამარჯობასავით აუცილებელი ფრაზა გახდა. თუ აქამდე სახლიდან წაღებული საჭმელს „ფუუუ რა გოიმობააა“ -დ მითვლიდნენ, ახლა ყველას სახლიდან მოაქვს სადილი , მათ შორის ბიჭებსაც. ბანკმა წლის დასრულებამდე სესხის გაცემა სრულიად გააჩერა, გავჩერდით ჩვენც. უბონუსო ხელფასზე დარჩენილ თანამშრომლებს კი აღარაფერი ეამაყებოდათ, პირიქით, თავში იშენდნენ ხელებს ამ უგემურ რესტორნებში რამოდენა ფული დაგვიხარჯავსო.

დეკემბრის თვის ბოლო ხუთშაბათს ორი მნიშვნელოვანი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. ერთმა ზარმა საელჩოში დამიბარა პასპორტის წასაღებად , მაგრამ ვიზიანი თუ მის გარეშე არ უთქვამს ისე გამითიშა ყურმილი მორიგე გოგომ. და მეორე, დირექტორის დავლებით მიბარებენ სათაოში მომავალი თანამშრომლობის თაობაზე, კულისებიდან ვიცი რომ ხვალიდან, ნახევარზე მეტი ქვეყნის მასშტაბით უსამსახუროდ დარჩება. მე როგორც ზემოთ შევპირდი ჩემს თავს ისე მოვიქეცი და შუა ღამემდე ვცეკვავდი კლუბში მეგობრებთან ერთად. დილას შემაქანა ცოტა პახმელიამ, მაგრამ პოზიტიური ფიქრი დავიწყე ინგლისის ვიზაზე, თუმცა მარტო ოცნება რომ ხელმოცარულების საქმეა ისიც ვიცი და შევეცადე გული გამეშეშებინა.

ჯერ სათაოში მივედი პირველის ნახევარზე, დათხოვილიც და არა დათხოვილიც ერთნაირი სიმძაფრით ტიროდა. კიბეებზე აუჩქარებლად კი ავდივარ , მაგრამ გულში ჩქარ-ჩქარა ვბრაზობ ჩემს თავზე. რა მინდოდა რაზე შემოვდგი ამ სისტემაში ფეხი, დავინგრიე ჯანმრთელობა, გავიჭყლიტე ჩემი პატარა ტვინი და გამოვიტენე სესხებით, სესხები სესხები სესხები, ან რატომ ვიღებდი ამდენ სესხს, არ მესწავლა, არ მემოგზაურა, არ მეყიდა ეს კომპიუტერი, ან რად მინდოდა ეს მობილური საერთოდ, არც ჩამეცვა და არც მეჭამა. მეშიმშილა, სწავლისთვის თავი დამეკლა და როგორც ჩემი სხვა მეგობრები დახეტიალობენ ევროპაში ჩვეულებრივი, ლაღი, ჯიბეგამოფხეკილი სტუდენტებივით, ისე მეხეტიალა მეც. რითი ან როდის გადავიხდი ამხელა სესხებს, ამ ნაომარ ქვეყანაში სად მოვხვდები კიდევ ვინ იცის, სესხები, სესხები,სესხები. ბოლო საფეხურიდან ნამტირალევი უფროსის წინადადების დასრულებამდე მყარად მჯეროდა რომ მე, დამითხოვდნენ. მომესმა ?! :

- უკაცრავად დღეს რაღაც არ ვარ კარგად და შეგიძლიათ გამიმეოროთ რა მითხარით?

- მოკლედ, ჩვენი კომპანია, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებულია შეამციროს არსებული კადრები, ხოლო თვენთან ხელფასის დაუკლებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ანუ შენ რჩები! და გთხოვთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ ამ საკითხს, ყოველგვარი პანიკის გარეშე.

ჩემი უტაქტო პასუხი, რასაც დღმდე ვნანობ რა თქმაუნდა:

- არა, მე კი ძალიან გული მწყდება სხვა თანამშრომლებზე, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ და სიხარულის პანიკაში სახლში ჩავარდები -მეთქი.

ეს ისე გულწრფელად ვთქვი ჩემს უფროსს ტირილი სიცილში გადაუვარდა.

იქიდან საელჩოში გამოვიარე, ისე უჟმურად მომიგდო იმ გოგომ პასპორტი, ათი წუთი მეშინოდა შიგნით ჩახედვა. ვიზა დამხვდა, ექვს თვიანი, სასწავლო, მუშაობის უფლების გარეშე. თურმე ცხოვრების ერთ მომენტში რომ რაღაც გიხარია, მეორე წუთას შეიძლება უგულო ყვავილივით დაგიჭკნეს. ტაქსის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ტუჩი მოვიკვნიტე. კიდევ ერთხელ ვიგრძენი როგორ გავიჭედე ამ სივრცეში, სინამდვილეში, მე რომ სამსახურიდან გავეშვი ჩემი სესხების კარგ მოზრდილ თანხას დაზღვევა გადაიხდიდა, ამ ვიზაში კი მუშაობის უფლებაც რომ ჩაეწერათ ცოტას ვიმუშავებდი კიდეც ახალგაზრდულად და თან გამოვიყენებდი ექვსივე თვეს, კიბეებზე ნახსენებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მაგრამ, როგორ უ-შნოდაც დაიბადები ისე უშნოდ მიდის მოვლენები შენს ცხოვრებაში.

ლონდონიდან დაბრუნებულს მეგონა სხვა შემართებით დავიწყებდი ცხოვრებას, მე რა მოგახსენოთ მაგრამ ჩემმა სესხებმა კი დაიწყეს პირდაპირპროპორციულად ზრდა და უკუპროპორციულად კლება.


23 views0 comments

Commentaires


bottom of page