top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „სათავო ოფისი“

კორპორაციული დერეფნები,სამუშაო ინტერიერით კაბინეტები, კიდევ უფრო მკაცრი სერიოზულობით ჩაცმული კოლეგები. ხელებზე, კისერზე და ყურებზე ჩემი ჯინჯილები დავიხსენი, უწარწერო მაიკა მოვიცვი ვიწრო ჯინსებზე და ლაკის ტუფლები გავიპრიალე პირველკლასელივით. ამაზე უფრო კლასიკურად ცხოვრებაში არ მცმია და დიდი თავდაჯერებულობით ვაღებდი ერთი კარიდან მეორე კარს.

ქალაქის ცენტრში, ამ ლამაზი ოფისის შენობაში სამზარეულო იყო მესამე სართულზე, ეს წინა პარასკევს ვნახე ოთახის კარი შემეშალა. ერთი კვირის შემდეგ ამ სამზარეულოში ყავას ვადუღებდი სანამ შესვენებისთვის დამახასიათებელი ჩოჩქოლი დაიწყებოდა. ერთი ქალბატონი შემოვიდა, ეხლა აღარ მახსოვს ან ნინო ერქვა ან მარიამი, ის კი კარგად მახსოვს ზუსტად ამ ქალმა ძალიან მალე გამოსამშვიდობებელი წერილი ისეთი სიტყვებით მოიწერა ძნელი მისახვედრი არ იყო რომ გააგდეს.

უცბად უმიზნო საუბარს ასეთი დიალოგი მოაყოლა :

-შენ აქ ვინ მოგიყვანა?

-რას გულისხმობთ კონკრეტულად გზას? - უცებ გამიელვა, ერთმა ბიჭმა მანქანით მომიყვანა, მან დამინახა ალბათ და ჩემი პირადი ცხოვრება ხომ არ აინტერესებს მეთქი....

-სამსახურის დაწყების ამბავში.

-რეზიუმეთი - ვუპასუხე მე

-შენ ამბობ, რომ აქ არავის ახლობელი არ ხარ?

-რავიცი, ჯერ არავის დავახლოვებულვარ აქ !

უფროსის ოთახამდე ეს ძახილის ნიშანი კითხვის ნიშნად დამეგრიხა :

- აბა რა ქენი მოხვედი ცოტა აზრზე ? - მეკითხება ჩემი უფროსი, დღეს მისი თმა უფრო ღია ფრად მეჩვენება

- რავიცი, ასე მგონია ამ კომპანიაში იმაზე უფრო მეტი დეპარტამენტის უფროსია ვიდრე თვით დეპარტამენტი, ამ სართულზე ვინც გავიცანი ყველა ვიღაცის უფროსია.

- აჰაააა, - გემრიელად გადაიხარხარა უფროსმა

- ეს იმიტომ რომ შენ ჯერ ყველას არ იცნობ, ჩადი ახლა ქვედა სართულზე და საერთოდაც (სიტყვა შენნაირები არ უხმარია მაგრამ მძაფრად იგულისხმებოდა) კარიერას ქვედა სართულიდან

იწყებენ- ო.

მე ამასობაში ზემოთხსენებული კითხვის ნიშანი სახეზე მომდგა და ვთხოვე განემარტა თუ რატომ ჩამითვალა უნდობლობაში პასუხი იმ ქალმა სამზარეულოში.

-მიდი დღეს თავისუფალი ხარ, და აწი თუ მაგ შეკითხვს კიდევ ვინმე დაგისვავს უთხარი რომ ჩემი მოყვანილი ხარ და მაგაზე ბევრი არ იფიქრო- ო . - ხო, და რამდენჯერ გითხარი სოლიდურად ჩაიცვი !

იმ საღამოს ჩემმა სამეგობრომ ვარაუდები გამოთქვეს, ან მასეთ კომპანიაში რეზიუმეთი არ ხვდებიან ან თვითონ ამ ქალის ირგვლივ მუშაობს სულ მისი ან სხვისი ახლობლები და მაგიტომაც ჩავარდა ასეთ გაკვირვებაში ბუნებრივია. თან ამ საბავშვო მაიკით რომ შედიხარ დირექტორების კაბინეტში და უშიშრად ახდენ მათთან კონტაქტს თანაც დაკითხვა გამოკითხვით იფიქრეს ალბათ ესაა ვინცაა-ო.

მეორე სართულზე დერეფნის შუაში იდგა უზარმაზარი ქსეროქსის აპარატი. ოთახებშიც უფრო მეგობრული და თითქოს მეტად მოცლილი იყო ხალხი. „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ თუ გაქვთ ნანახი შავ-თეთრი ფილმი, ამერიკის ს“მშრალი კანონის“ს დრო, მატარებლის კუპეში ქალები დიდ პიანკას მოაწყობენ, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გუგუნებდა ჩუმად. არ ილეოდა შოკოლადები , ყავები, ორცხობილები, ოჯახის წევრის დაბადების დღიდან მორჩენილი ნამცხრები, სხვა და სხვა სახის და სიხშირით მოწეული სიგარეტი.

აფრიაშვილმა მასწავლა ქსეროქსის გადაღება, ღია ფრად, მუქად, ერთ გვერძე, ორ გვერძე, რამდენი კოპიო, აქედან იქედან, მოკლედ ღილაკების მთელი ზღვა. დანელიამ ჩართვა, გამორთვა და ფურცლების ჩალაგება მაჩვენა.ხოდა, მაგზავნიდნენ დოკუმენტების გადასაქსეროქსებლად, იმ ეგიდით რომ გზაში მათი წაკითხვისა და გაცნობის შანსი მეძლეოდა. პარასკევს მე და ზადიკაშვილი ვიცინოდით ჩემსავე თავზე, უნებურად მე თვითონ მოვჭერი ხის ტოტი რომელზედაც ვიჯექი. მთელი კვირა, ქსეროქსის აპარატიდან მობრუნებული ამ დოკუმენტზე იმდენ შეკითხვას ვსვავდი, დღეს ყველამ თავისით გადააქსეროქსა გადასაქსეროქსებელი.

მესამე ორშაბათს პირველ სართულზე ჩავედი. წერომ, გორდელამ და ვერამ ამიხსნეს „უყურე და ისწავლე“-ს წესები, მაგარი სქელკანიანი იმუნიტეტი კი ქონდათ გამომუშავებული სტაჟიორების მიმართ. გორდელა სულ საოცარ მეილებს აყალიბებდა და წერდა. წერო ძირითადად რაღაცეებს ალაგებდა, ვერას კი საუბარი სულ ისე მიყავდა ან მე მომეყოლა რამე ჩემს შეყვარებულზე ან თვითონ მიყვებოდა რაღაცა ამბავს, არადა რა ნელა ლაპარაკობს ეს ვერა.

კვირის ბოლოს ოსკარის დაჯილდოვებასავით განვიცადე სამთვიანი ხელშეკრულება, ორას ორმოცდაათი ლარი და ბანკის ფილიალში წარმომადგენლის თანამდებობა.

ამ კორპორაციაში მუშათა კლასი „კლიჩკებით“ მიმართავს ერთმანეთს, საშუალო ფენა გვარებით, ხოლო ზედა ეშელონები მხოლოდ სახელით. ის კი ვერ გავიგე ყველა ერთმანეთს როგორ მიმართავს. იმაში კი ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ახალ კოლეგიალურ სიტუაციაში შენზე შეხედულება ერთი საფეხურით იზრდება თუ კი შეყვარებული გყავს, მეუღლის შემთხვევაში კი მხოლოდ ნახევარით.


10 views0 comments

Kommentare


bottom of page