top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „ნომერი“

თბილისიდან მესტიამდე თერთმეტი საათის სავალი გზაა. ეშმაკის მიერ გამოგონილ ეგრეთ წოდებულ „მარშუტკა“-ში კი ისეთი განლაგებით მომათავსეს, გადასვლა თუ მომინდა ათი კაცი ასე უნდა შევაწუხო: ერთმანეთზე საგულდაგულოდ დალაგებულ მუყაოს ყუთებზე ხელ - ფეხის მარჯვე მოჭიდებით გადავახტუნო, ჩასხდომისას კი კიდევ უფრო მობილიზებულად გადმოვახტუნო , თანაც ისე რომ როგორმე ყველა თავის პირვანდელ საჯდომზე მოხვდეს.

სანამ ამ წყეული ტრანსპორტის კარი დაიკეტება და გზაც დროზე სწრაფად დაიძვრება, გვერდით მჯდომი უცხოელი სტანდარტულ კითხვებს მისვამს. კანის ფერზე ეტყობა რომ პოლონელია, მისი ტანსაცმელი მეტყველებს, რომ დიდი ხნით არ არის ჩამოსული, ხელში ის წიგნი უჭირავს „მარტოსული პლანეტა“, რჩევებს რომ გაძლევს და მოგზაურობის დასრულების შემდეგ თავს მსხვერპლად რომ გრძნობ. თმა-წვერი სხვა მისი თანამოძმეებივით სასაცილოდ შეკრეჭილი არ აქვს და ამ წუთას გავაანალიზე რომ დიდი ძალისხმევის შედეგად მოიხვედრა თავი ჩემთან ახლოს. გორს რომ გავცდით უკვე კარგად გათენდა. თავისი ისტორია ერთ საათში ჩაატია და :

- შენ სვანი ხარ?

- არა.

- პირველად მიდიხარ?

- არა, აღარც მახსოვს მერამდენედ მივდივარ,

- რატომ იქ ცხოვრობ?

- მმმ.... თვალები დავჭუტე და მხრები ავიჩეჩე..

- მუშაობ?

- არა, და კიდევ უფრო უხერხულად შევიშმუშნე

- აბა?

რატომღაც, სპორტული ჟინივით გრძნობა დამეუფლა, ისე დამაინტერესა როგორ იჟღერებდა ჩემი ისტორია ინგლისურად, ხუთ წინადადებაზე უფრო გრძლად მოყოლა რომ მომენდომებინა. ისე სპორტული ადამიანი საერთოდ არ ვარ და ხელ-ფეხის ქნევა არც არასოდეს დამიჩემებია, რას იზამ ამ გამოთქმამ ეხლა ენა და და ხახა ერთნაირად მომიფხანა რაღაცნაირად.

- ბღენშჩ, რა სასაცილო სახელი გაქვს, ეს ვის საპატივცემულოდ დაგარქვეს?

- ერთი პოლონელი არქეოლოგის, სამწუხაროდ, მე უკვე ათი წელიწადია პოლონეთის ერთ ერთ ბანკში ვმუშაობ, ადრე ლინგვისტობა მინდოდა, ახლა კი სამსახურის გამო, მოგზაურობაზე უფრო მეტს ვოცნებობ ვიდრე გაგარინი მთვარეზე.

ვიცინეთ.

- მე ხუთი წელი ერთ -ერთ სადაზღვევო კომპანიაში ვიმუშავე, ბანკის ფილიალში ვიყავი წარმომადგენელი.

- ძალიან საინტერესო იყო - მეთქი ვთქვი და იმან ცრემლებამდე იცინა, რა იყო მანდ საინტერესოო.

- მალე ავტოგასამართ სადგურს მივუახლოვდებით, იქ ყავა ავიღოთ და ყველაზე საინტერესო ამბებს მოგიყვები - შევპირდი.


8 views0 comments

Comments


bottom of page