top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „მაგიდის ფეხბურთი“

სამსახურში გამოვცხადდი. არ დამიგვიანია, დროზე ადრეც კია, ისევ სამშაბათია.ჩემი გარეგნობა აბო თბილელის დამწვარი ძვლების ბრწყინვალებასავით შეაფასეს. საერთოდ ამბიციურ ადამიანს ორი რამის დაბრუნება არ შეუძლია, შუბლში მოხვედრილი ტყვიის და პირიდან ამოსული სიტყვების, ამჯერად მე და მენეჯერი შევთანხმდით. იმის გამო რომ ფანჯრის, კონდიციონერის და ჩემი სამუშაო მაგიდის ასეთი განლაგება ბერმუნდის სამკუთხედივით სახიფათო იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის, გადაწყდა ჩემი სამუშაო ადგილის შეცვლა. დარბაზის მეორე კუთხეში გადმომსვეს იმავე ჩაყოლებაზე, ხოლო ჩემს ადგილას დასვეს ახლად ჩაშტატული, პრიმიტიულთვალებიანი სტაჟიორი. თუმცა, ეს ბიჭი ყველა დანარჩენზე იღბლიანი აღმოჩნდა, მის ანუ ჩემს ყოფილ თავზე დაკიდებული კონდიციონერი გაფუჭებული კონდიციონერის ადგილას გადაიტანეს. ხო, ეს იმიტომ მოხდა რომ კონდიციონერის გადაადგილების ნებართვა მოვიდა სათავო ოფისიდან წერილობით. მოუბოდიშებლად.

ჩემი ჯანმრთელად დაბრუნების აღსანიშნავად კოლექტივმა რესტორანში ქეიფი გადაწყვიტა.რაოდენ პარანორმალურიც არ უნდა იყოს, საქეიფო ფულის შეგროვება და ორგანიზება მე დამევალა. ახლა ჩემს გვერდითა კაბინაში წითლად თმა შეღებილი გოგონა ზის. ახალი კრედიტ ოფიცერია, შემდეგ თვეში ხელფასიც ექნება. საინტერესო რამეა, ამდენთვიანი სტაჟირების განმავლობაში რაღაცნაირად, იქცა მისი მასწავლებლის, ნიკას მდივნად. ახლა კი ჩაშტატეს, მაგრამ ინერციით მის მდივნობას აგრძელებს. თავისუფლების მოსაპოვებლად ამ დღეებში გამოსავალიც უპოვია:

-სიგარეტის მოწევას უნდა დავანებო თავი

-კი მაგრამ ეგ რა შუაშია ? - გავიოცე მე

- იმის ოთახში ვეწევი, და თუ არ მოვწევ, რადგან ეხლა ჩემი სამუშაო მაგიდა მაქვს, აღარც შევალ და ნაკლები კონტაქტიც მომიწევს

-შენც ქვედა სართულზე მოწიე -გამეცინა

- არა მიმიხვდება და მეშინია

-ხო,ხო, დაანებე თავი, მაგარია - სეირის ნახვას რა უნდა, ხომ ფეხის წამოკვრა უნდა.

რესტორანი შევარჩიეთ,შესაგროვებელ თანხაზეც ჩამოვყალიბდით, სია პლიუსებით, ჩამოვწერეთ. გვერდით მჯდომი ეს ჩემი კოლეგა მიტრიალდება და ბოდიშს მიხდის თანაც დიდს, მე ვერ წამოვალ ახალი ჩექმები არა მაქვსო.ისეთი შეწუხებული იყო, არამც თუ სიცილი შევიკავე თანაგრძნობის ხელის გაწოდებაც კი მოვინდომე და ვუთხარი, შეგიძლია ბოტასებით წამოხვიდე მეთქი.კიდევ კარგი წარბები კანზეა მიმაგრებული თორემ შუბლს აცდებოდა ისე გაუკვირდა -სად მე და სად ბოტასიო.

მეორე დილას მაგიდაზე დახვდა ის, რის გამოც დიდ ხანს ტიროდა. ანონიმურად ვიღაცამ ან შეიძლება ვიღაცეების ჯგუფმა, ფურცლებზე ამობეჭდა სხვადასხვა ბოტასი წარწერით: „ვაი შენს ჩექმებიან პატრონს .“ აქედან დასკვნა : თუ ერთ თანამშრომელს აღსარებას აბარებ, მეორე გულში იცინის.

ამ ამბით გამოწვეული მითქმა მოთქმა და ხითხითი ახალმა თავზარდამცემმა ამბავმა შეცვალა. მაია ოპერატორმა პირველი საკრედიტო ბარათით რვაას ლარიანი ჩექმები იყიდა, ჩექმების ყუთიც კი მოიტანა სამსახურში ბონუსად. აქვე კიდევ დასკვნა: ბანკირები ყველაფერს განვადებით ყიდულობენ, განსაკუთრებით კი ფასდაკლებებზე, აბა რა დროს ეხლა ჩექმებია, დღეს ხომ მაისია.

მალე ხელისუფლებამ სარეკლამო რგოლები დაუშვა სატელევიზიო ბადეში, ჩვენი ერის გამრავლების ხელშეწყობის მოტივით. ათასგვარი ვაუჩერი დაარიგა ორსულობა მშობიარეებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და სხვა. ბანკებმა ამ „მოდურ“ ტენდენციას ფეხი აუწყო და ხელმისაწვდომი გახადა განვადება, რომელიც შემდეგ ისტერიაში გადაიზარდა. განვადება თუ სესხი გადიოდა მრავალფეროვანი დანიშნულებით. დაწყებული ბინა, მანქანა სიძეს სიმამარისგან განვადებით, მარხვა რომ დამთავრდა ქორწილები განვადებით, თავისი თამადა ძვირადღირებული ყანწით, ლეიბები, საბნები და მზითევი განვათებით, თეთრი კაბა და ჩოხა ახალუხიც. თაფლობისთვე და ოჯახური ალბომები. მერე ჭოჭინა, აკვანი და საჭღარუნო, ხანდახან გაყრის ადვოკატიც განვადებით. მაინც მორწმუნე ერი ვართ და საფლავში რომ არ ჩაყოლოდა ეს განვადება ადამიანს, სიცოცხლეშივე ახდევინეს ხალხს განვადების დაზღვევა. მოკლედ თუ ბანკმა ერთი ჯიბიდან ფული ამოიღო გაათმაგებულს მეორე ჯიბეში ჩაიდებს. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებადან, ასევე სხვების შემყურემ მივხვდი რომ სესხი ძირგავარდნილი უფსკრულივითაა, ხოლო მის პირამდე ავსებას ვერასოდეს შეძლებ. ეს ან რჩეულთა ხვედრია ან ისეთი შეძლებული თანამშრომლის, ბანკში გასართობად რომ მუშაობს.

სამუშაო გრაფიკის განმავლობაში,დიდ დარბაზებში კომპიუტერის თუ კომპიუტერის დამხმარე ტექნიკის ღილაკების წკაპუნი, საკანცელარიო ნივთების წკავ-წკავი, ხალხის განუწყვეტელი ბზუილი გაგუდულ ტონალობაში და დახლს აქეთ მონდომებით გამართული კოლექტივიზაცია მაგიდის ფეხბურთს გავს. დანამდვილებით არ ვიცი მაგრამ ეჭვი მაქვს მაგიდის ფეხბურთი ვინმე ოფისში მომუშავემ მოიგონა.აი მაგალითად, სხვა მაგიდის თამაშებს თავიანთი სახელები აქვთ, ბილიარდი, პინგ-პონგი, ნარდი და სხვა, და ისინი უშუალოდ მაგიდაზე სათამაშოდაა შექმნილი. ფეხბურთი, ფეხბურთი კი რა არის, გაშლილ მინდორზე ფეხით ბურთის თამაში. ეს მაგიდის ფეხბურთი კი ფეხბურთია , ოღონდ მაგიდაზე ხელებით ნახევრად ფიზიკურ ნახევრად ვირტუალური თამაშია. ბანკშიც ზუსტად ასე, გამუდმებით ერთ ხაზზე, წინ უკან, წინ უკან.

რაც შეეხება კოლექტივიზაციას, ეს სიტყვა არ შემშლია ეს ნამდვილად კოლექტივიზაციაა, ეს ინგლისური სიტყვა განმარტებით „გუნდური მუშაობის პრინციპი“ სინამდვილეში კაპიტალისტებმა კომუნისტებისგან გადმოიღეს და ცოცხალი ბიუროკრატიის ერთ ერთ სამართავ ინსტრუმენტად ითვლება. ერთი პერიოდი მოდურად აფეთქდა კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითად მოთხოვნად „გუნდურად მუშაობის უნარი“. ანუ რამდენად დიფუზიურია შენი პიროვნება? შეიძლება პიროვნება არც არის ჩამოყალიბებული და ამით უფრო გააჩნია დიფუზიის უნარი? შეიძლება ძალიანაც განათლებული და ნასწავლი ადამიანი ხარ მაგრამ მარტო ან დამოუკიდებლად მუშაობა უფრო ეფექტურად გამოგდის. შეიძლება გიჭირდეს კითხვა მშობლიურ ენაზე თითის მიუყოლებლად, არ გქონდეს პიროვნული პრინციპები საერთოდ, ან გეგონოს რომ კალკულატორი ყველაზე გენიალური გამოგონებაა, შეიძლება ისიც გეგონოს რომ ტყუილი შენი მოგონილია, მაგრამ „გუნდური მუშაობის უნარი“ თუ გაქვს შენს ბედს ძაღლი თუ არა კატა უეჭველად დაყეფს.

მაგალითად, კახას იმდენად ძლიერი გუნდური მუშაობის უნარი აქვს რომ მე და კახას ორივეს გვყოფნის. კახა ორმოცდაათის რამდენ ხანში გახდება რა მნიშვნელობა აქვს, თუ კი უკვე ისე გამოიყურება როგორც ორმოცდაათის.ჩვენს მაგიდებს შორის ზუსტად ექვსი ნაბიჯია, თუ ის არ ადგა და გავიდა დარბაზიდან შეუძლებელია თავისი სამუშაო მაგიდიდან კომპიუტერისა და ჩემს გარდა სხვა რამე დაინახოს, როგორც მე. თანაც ისეთი სქელი და ფართე სათვალეები უკეთია მას და მის გვერძე მჯდომ თანამშრომელსაც თავისუფლად ეყოფა. კახა მირეკავს შიდა ტელეფონზე, მე ვპასუხობ თან ვუყურებ :

-ძვირფასო, კლიენტს ველაპარაკე ტელეფონით და ოც წუთში მოვა, დაზღვევა გვაქვს ესა და ეს გასაკეთებელი და ხომ არ გადიხარ შენ?

-არა კახა, არ გავდივარ აქ ვიქნები

-კარგი.

ხუთი წუთის შემდეგ:

-ძვირფასო კლიენტის მოსვლამდე დარჩა თხუთმეტი წუთი და ხომ აქ იქნები ?

-კი კახა

ხუთი წუთის შემდეგ :

- ძვირფასო, კლიენტი მოვიდა და მოვიდეთ ხომ შენს მაგიდასთან?

- ხო კახა , ხომ ხედავ თავისუფალი ვარ.

ორი საათის შემდეგ დავბრუნდი ორმოცწუთიანი შესვენებიდან და კახა რეკავს :

-ძვირფასო, კლიენტი მოვა ორმოც წუთში და ხომ არ გადიხარ?

- არა კახა, როგორც დაინახე ამ წამს დავბრუნდი შესვენებიდან და არსად არ გავდივარ.

-კარგი.

ათ წუთში:

- ძვირფასო, კლიენტმა დარეკა ათი წუთი დააგვიანდება

- მერე? - ვიჭმუხნები უკვე

- არა ნუ იცოდე მაინც.

- კარგი

- კარგი.

კახა ისე ნელა ლაპარაკობს გეგონება სასაში საწუწნი კამფეტი გაეჭედა.რაიმე შეკითხვას თუ დაუსმევ ისე გპასუხობს თითქოს გააღვიძე და გამრავლების ტაბულის მოყოლას სთხოვე. რაც მართალია ჩვენს შორის ყველაზე დაუთოებული პერანგით დადის, ეტყობა მისი დიასახლისი ცოლი სათანადოდ უვლის.

უკვე სამშაბათს კი მივხვდი მაგრამ პარასკევს დავრწმუნდი რომ კახა გიჟია.

ამ კვირაში კარგად დავფიქრდი, ძველი ზარების ჩანაწერებს გადავხედე, კახა მთელი ეს ხანი გაუთავებლად რეკავდა თურმე, ოღონდ მე ამას ყურადღება რატომ არ მივაქციე არ ვიცი. ახლა როცა ერთმანეთს ვხედავთ პირისპირ, ავუხსენი, ჩემთვის ამ ინფორმაციის მოწოდება თანაც ასეთი სიხშირით, სრულიად მოკლებულია ნებისმიერ აზრს ან მიზეზს ან შედეგს. ჯერ ერთი იმიტომ რომ თუ ფილიალიდან გავდივარ სამუშაო საათებში ამაზე წინასწარ ვიწერები ყველასთან, ამა და ამ საათებში არ ვიქნები ან დღეს ან ხვალ ან ზეგ და არავინ დაიბაროთ. ხოლო თუ ადგილზე ვარ ჩემი ინიციატივით რიგს ვერავის ვერ დავუჭერ „აი ეხლა კი თავისუფალი ვარ მაგრამ ათ წუთში კახას კლიენტი უნდა მოვიდეს და დამელოდე მეთქი“ ხომ ვერ ვეტყვი? ! კიო თავი დამიქნია. ნუ თუ მაინცა და მაინც გადამოწმება გინდა რაიმესი შიდა ჩეთში მომწერე. ვიღიმი. ეს დიალოგი კახას ათ წუთში დაავიწყდა, რეკავს :

- ძვირფასო რამდენ ხანში განთავისუფლდები?

- თხუთმეტ წუთში

კიდევ რეკავს:

- ძვირფასო, გავიდა თხუთმეტი წუთი იცი?

- კი კახა, მერე?

- მერე ? კიდევ რამდენი ხანი დაგჭირდება ?

- კიდევ თხუთმეტი.

- ძვირფასო.......

თვის ბოლოს ვნატრობდი იმ ტკბილ ცხოვრებას თავში კონდიციონერი რომ მიბერავდა და წინ თეთრი კედელი იშლებოდა პანორამად. ხომ ვამბობდი ბანკირისთვის ყველა უბედურება შედარებითია მეთქი.....


8 views0 comments

Comments


bottom of page