top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „კუ“

რა ხდება ჩემი ცხოვრების იმ ნამცეცივით ნაწილზე, როცა გამოცდაზე გავრბივარ ამ თავში მოვყვები,

ლექციებს რათქმაუნდა ვერ ვესწრები სამუშაო გრაფიკის გამო.სხვათაშორის არც ვიწვი დასწრების სურვილით. ერთხელ ხელ-ფეხის ქნევითა და სალანძღავი სიტყვებით გამოვარდი ამგვარი ლექციიდან. ლექტორი იყო ქალი, ცხრის ნახევარზე იწყებაო ლექცია და ვიფიქრე თითო ლექციას მაინც დავესწრები ისე, რომ სამსახურში არ დავაგვიანო მეთქი. დამსწრე ჯგუფელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიმარჯვა საწერ კალამი, მისი მონათხრობის ჩასაწერად. მე ამომიხიეს რვეულის შუა ფურცელი და მწვანე უსაშლელო ფანქარი მათხოვეს. ამ ქალმა თხრობა დაიწყო სრულიად არალოგიკური, ყოველგვარ შინაარსსა თუ მნიშვნელობას მოკლებული ფრაზების წარმოთქმით. მე რა უნდა ჩავიწერო არ ვიცი, ის რომ კომპიუტერით შესაძლებელია ინტერნეტის გამოყენება, საფოსტო წერილის გაგზავნა თუ კარდიოგრამის გამოკვლევა. ჯერ ვიფიქრე მარტო მე ხომ არ მეჩვენება მეთქი, კაცო ყველა რაღაცას წერს და იქნებ მე ვერ გავიგე მეთქი, არა ერთი ორმოცი წუთი იმდენი სისულელე ილაპარაკა სიცილამდეც არ მეყო, გამისივდა ნერვები. მოკლედ, პატივცემულმა ლექტორმა აქეთ მიწოდა თავხედი და დამემუქრა მის საგანში არასოდეს მეღირსებოდა ნიშანი. შემდეგ მისვლაზე ჩემმა ჯგუფელებმა მითხრეს, ჩვენც კი ვხვდებით რომ რაღაც სისულელეები ურევიაო, ჩვენ ამ სისულეეების სწავლა უფრო გვეადვილება და ხუთოსნები ვართ , შენ ხარ ერთი მაჩანჩალა სამოსანიო. ერთადერთი ლელა იყო ხოლმე ჩემს მხარეს და იმასაც ჩემსავით ენანებოდა სისულეებში ამხელა ფულის გადახდა, მეზობლებმა ცუდი რომ არაფერი იფიქრონ და დედას გული არ გაუსკდეს გულისთვის. ძალიან მოხუცი ლექტორების შემთხვევაში ხან თავისი სახელის გასწვრის ამბობდა „ვარ“-ს, ხან ჩემი სახელის. ზოგჯერ დებილობა საგნის დებილობა გამოცდასაც ჩემს მაგივრად აბარებდა. ერთი და იგივე გამოცდა ორჯერ ტარდებოდა, ხოდა ერხელ თავისი სახელით აბარებდა, მეორედ ჩემი. ერთხელ დამირეკა და მითხრა გამოცდა გვაქვს დაზღვევის საგანში და სირცხვილია რომ არ მოხვიდეო. სხვები და კახა პერსონალურად გავაფრთხილე მე გამოცდაზე მივდივარ თქო და წავედი.

მეოთხე კორპუსის მეორე აუდიტორია გამოიყურება როგორც საბჭოთა პერიოდში დაკითხვის ოთახი, ოღონდ მერხებით. მთელი სემესტრია ამ საგნის სწავლა დაგვიწყია და მე ჯერ არც გამიგია. ლექტორი იყო ულვაშებით და არაინტელიგენტური ღიპი ქონდა.აუდიტორიის კარი ღია იყო, ლექტორი კარებში სცემდა ბოლთას, თუ დერეფანში ვინმე გაივლიდა გვანიშნებდა და ჩვენც დავმალავდით კონსპექტებს საიდანაც ვიწერდით დაფაზე ჩამოწერილ საკითხებს. ლელამ გაშალა რვეული სადაც უწერია ის რასაც ლექტორი გამოცდაზე კითხულობს, მერე სტუდენტმა ეს უნდა ისწავლოს და გადაწეროს იგივე. რვეულში საიდანაც უნდა გადავწეროთ პირველ ცხრა წინადადებას გადავუსვი ხაზი, მეორე გვერძე სამს და მესამე გვერძე ნახევრის შლას რომ ჩავცდი ლელამ გამაჩერა, რას შვებიო. არ არის სწორი მეთქი. არც რისკის, არც ფრანშიზის და არც პრემიის განმარტება არ არის სწორი, შეცდომაა. ლელამ სიცილი დაიწყო მე კი კითხვას ვაგრძელებ. მივადექი წინადადებას რომელმაც პროვოკაციულად იმოქმედა და სკანდალი ჩამადენინა. დაახლოებით კი არა ზუსტად ასე ჟღერდა ეს წინადადება „იმისათვის რომ საგანი დააზღვიოთ, ეს საგანი უნდა მივიტანოთ სადაზღვევო ბიუროში, სადაც მოხდება მისი გაფორმება, ხოლო შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში, სადაც მოხდება საგნის საბოლოო დაზღვევა.“

- ჯერ ერთი არავითარი სადაზღვევო ბიურო არ არსებობს, ან ვთქვათ გვინდა ბინის დაზღვევა, რა უნდა მიიტანო ბინა? სად? ან ჯანმრთელობის დაზღვევა, ან ტელევიზორის! სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს! შემდეგ გვერდებზეც ისეთი სისულეები ეწერა ვერ მოვითმინე და მივახალე ყველას თანდასწრებით - რატომ ფიქრობთ რომ უფლება გაქვთ მოატყუოთ და დაამციროთ ეს ბავშვები, ან მშობლები, მათ მშობლებს ხომ მასხრად იგდებთ ამის შემდეგ, ადამიანებს რომლებიც წელებზე ფეხებს იდგამენ რომ უკეთესი მომავლისთვის შვილებს უმაღლესი განათლება მიაღებინონ, თუ ფიქრობთ რომ ნებისმიერი სამსახური თქვენსაზე ადვილია, დამდგახართ აქ და ტყუილებს ასწავლით ამ ადამიანებს! არა მითხარით ერთი რომელიმე მათგანი რომ დაიბარონ ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში გასაუბრებაზე და რომელიმე მათგანმა თვენს მიერ ნასწავლი ბოდვა გაიმეოროს მაგალითად რომ არსებობს სადაზღვევო ბიურო ან რამე ამგვარი, ოდესმე დაცინვის გარდა რამეს ეღირსება? აქვს თუ არა თითოეულ ჩვენგანს მართალი ინფორმაციის მიღების უფლება უმაღლეს სასწავლებელში? ეს ხომ კანონია და თუ ამ კანონს სასწავლებელი არღვევს მაშ ვინ უნდა დაიცვას? - ჰაერში ავყარე კონსპექტები - ვხვდები სახე დამეჭიმა მაგრად - თუ კი არ იცით რა უნდა ასწავლოთ ტყუილებს მაინც ნუ იგონებთ, ინტერნეტში წაიკითხეთ, და საბჭოთა ენციკლობედიებს თავი დაანებეთ!

- ან პასუხი არავის გაუცია კივილში გადაზრდილი ჩემი სკანდალური არც გამოსვლის და არც მისი დასრულების შემდგომ ან მე არ გამიგია.

მეგონა ეს ლექტორიც იმ სიას მიემატებოდა თავის დღეში რომ არ მაღირსებენ ნიშანს, მაგრამ სრულიად პირიქით მოხდა, ჩემს მიუსვლელად ჩამომიწიკწიკა სამიანები ყველა სემესტრში.

ასე მოულოდნელი აღმოჩნდა უმაღლესი მათემატიკის ლექტორიც.ძალიან მკაცრი იყო, ხანში შესული, მაგრამ კარგად მოვლილი, მეტყველება და მიხვრა მოხვრა ქონდა რაღაცნაირი დამთრგუნველი. აი დაბალი თანმდებობის თანამშრომლებს უფროსების რომ ეშინიათ ხოლმე ისე ეშინოდათ მისი სტუდენტებს. ერთი კვირა ვკამათობდით „ნული“-ს რაობაზე , მერე მკაცრად ვიჩხუბეთ მისი არსის გამო სხვადასხვა სივრცესა და განზომილებაში. შემდეგი სამი სემესტრი მიუსველელად მხვდებოდა ნიშნები.

ფიზიკის მოხუცი ლექტორი გამოვიჭირე მესამე კურსზე, როგორც იქნა.ვერასოდეს ვემთხვეოდი მის ოფიციალურ გრაფიკს.საგამოცდო უწყისში ჩამინიშნა სამიანი, მერე კათედრის გამგის ოთახში შევედით. ეს უწყისი კიდევ თავიანთ უწყისში უნდა გააფორმონ, ხოლო გამგის უწყისი მერე რაღაცნაირად ხვდება და ფორმდება ადმინისტრაციაში. ეს ბეჭდების დარტყმები და ხელმოწერების დაუსრულებელი ბიუროკრატია სულელებმა მოიგონეს ალბათ ჭკვიანებმა რომ არ დაჩაგრონ. ჩემი ლექტორი ყრუა და ოთხმოც წელს გადაცილებული, კათედრის გამგეს კი წნევის აპარატი და რაონატინი მზა მდგომარეობაში უდევს მაგიდაზე ისეთი მოხუცია.სანამ უწყისს ეძებენ მოიკითხეს ერთმანეთი, მე კარებთან სკამი იყო ჩამოვჯექი და ვუსმენ. მოუყვნენ ერთმანეთს ვის რამდენი წნევები აქვს რა სიხშირით, ვინ რა დამწევს სვავს და ასე შემდეგ. მერე ვინმე კასრაძე მოიკითხეს.

-ესეიგი კასრაძე როგორ მოტყდა წელს, მოსვლა ავიწყდება -თქვა გამგემ.

-კაი, რას ამბობ, შარშან ქე მაინც მოდიოდა, მართალია წასვლა ავიწყდებოდა, მაგრამ ხომ მოდიოდა კაცო, ეხ, ეხ -ამოიხვნეშა ლექტორმა.


10 views0 comments

Комментарии


bottom of page