top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „ დაქარგული წინდები“

ნოემბერში ნაადრევად მეტიჩრობს ზამთარი. ქალაქში ფოთოლცვენა ჯიბეებში ჩაილაგა სუსხმა და ხიდან ხის, ტოტიდან ტოტზე, გაზაფხულამდე გაიჭედა.

ბანკის დარბაზში სულ ორი კონდიციონერია დამონტაჟებული, ერთი ზემოთხსენებული, ჩემს მადლს ასე რომ ანიავებს, თავში მიბერავს და მეორე, შუაში ადენს სითბოს და არც არავის აწუხებს. ამ დღეს მშვენიერს ვერ დავარქმევდი და ამიტომ უბრალოდ ერთ დღეს-ით დავიწყებ, ის კონდიციონერი რომელიც არავის არ უბერავს დაიწვა. მისი აღდგენის პროცედურა დაახლოებით ასე გამოიყურება : სერვის ცენტრის მენეჯერი ჯერ უნდა დააკვირდეს რამოდენიმე დღე, რომ ის ნამდვილად არ ირთვება. შემდგომ მისწეროს ელექტრონული წერილი მის ზემდგომ მენეჯერს, ამ ზემდგომმა მენეჯერმა უნდა მოიწეროს უკან ამ შინაარსის ტექსტით „დაადასტურეთ რომ ნამდვილად გაფუჭდა“, მერე ისევ მისწეროს მენეჯერმა პასუხის პასუხი „დიახ, ნამდვილად არ ირთვება“. შემდგომ ეს მენეჯერების ერთ ერთი მენეჯერი მისწერს კონდიციონერების ზავხოზების მენეჯერს ფაქტის შესახებ, ის პატიოსნად გამოყოფს ამ საქმის მოსაგვარებლად ხელოსანს, რომელსაც რა თქმა უნდა არასოდეს სცალია და რამოდენიმე დღიანი მიწერ მოწერის შემდეგ ჩნდება შანსი რომ მოვიდეს რათა დარწმუნდეს რომ ის ნამდვილად არ ექვემდებარება შეკეთებას, როდესაც დაბრუნდება ზავხოზების ოფისში ამცნობს ოფიციალურად რომ ის გაფუჭდა. ეს ზავხოზების მენეჯერი მისწერს ზავხოზების მენეჯერების კონდიციონერების განყოფილების უფროსს, ეს უკანასკნელი კი გამოაგზავნის მოთხოვნას, ჯერ მისის შეკეთების მცდელობის შესახებ. რასაც მოყვება დაუსრულებელი მიწერ მოწერა, ვინ როდის და რამდენი ადამიანით უნდა ჩამოყალიბდეს ჯგუფი რომელიც ამ კონდიციონერს მოხსნის სადღაც წაიღებს მერე შეაკეთებს მერე დააკვირდება და თუ არ შეკეთდა და ახალი კონდიციონერი შეიქმნა საყიდელი, ყიდვის პროცედურამ იმხელა ბიუროკრატიული რგოლი უნდა გაიაროს ამის წარმოდგენაც კი ბევრისთვის ტრაგედიის ტოლფასია.

მე ეს კონდიციონერი თავში მიბერავს.

თუ გამოვრთავ, ჩემი გულისთვის ამდენი თანამშრომელი სიცივეში ქურთუკით ხომ ვერ იმუშავებს. თუ არ გამოვრთავ მე ვერ ვიმუშავებ, რამეთუ ესეთი ცხელი ჰაერი თავში მონაბერი, არამცთუ აზროვნების უნარში მიშლის ხელს არამედ ადეკვატური საქციელებიც შესამჩნევად გადამეხარა. შევთანხმდით, თუ კონდიციონერი ჩართულია, ესეიგი ჩემთან კლიენტი არ არის და დარბაზის ნებისმიერ მაგიდასთან შემიძლია დავჯდე, ნებისმიერი თანამშრომლის გვერდით, ხოლო თუ გამორთულია ესეიგი საქმე მაქვს და მოთმინებასთან ერთად ჯობს ილოცოთ კლიენტი კილაოზნიკი არ აღმოჩნდეს და დიდი ხანი არ მომიწიოს მაგიდასთან ჯდომა.

ერთი თვის შემდეგ სხაპა სხუპით ვიცოდი სრული საკრედიტო პროცედურა. თვალის ზომით ვხვდებოდი ვინ რამდენის მოთხოვნაზეა მოსული რიგში, ვისი ხელფასის ცნობა იყო ყალბი ან ვინ იქნებოდა ურჩი გადამხდელი. მეორე თვის ბოლოს ამოვხსენი ფორმულა , როგორ ხდება რომ ბანკი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს როცა სესხს გასცემს ვიდრე ანაბარს იღებს. თუმცა იმას კი ვერაფრით ჩავწვდი, ადამიანს მევახშეობა, თანამედროვე ენაზე კი „საკრედიტო ექსპერტი“ გეამაყებოდეს. ვითომ ეს სიტყვა „ექსპერტი“არ ვიცით რას ნიშნავს ახალი ან უცხო რამეა და ამაღლებს თუ ამართლებს მის მდგომარეობას. ან „კრედიტ ოფიცერი“, აგერ ნახეთ ამ კოსტუმში და მოყრონჭილ ფეხსაცმელებში ისე უხეშად დადის გეგონება მართლა ოფიცერი იყოს და თავისი სამსახურით სამშობლოს იცავდეს. ზოგი ზემოთხსენებული, სინამდვილეში მევახშეს ეს „ექსპერტი“ – „ოფიცერი“ ისე აგიჟებს რომ გამომეტყველებაში გაჰკივის - „ამ ბანკს თუ დასჭირდა თავსაც შესწირავს“.

ამ მევახშეობის ფერხულში მეც ვეხვევი და საკრედიტო ბარათებს მიმატებული კიდევ მაქსიმალურად შესაძლებელი სესხის აღების ხარჯზე ახალ წელს ვილნიუსში შევხვდები. ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ დროს ისინი გაცვლითი პროგრამების წყალობით ევროპული სტუდენტობის გემოთი ტკბებიან (ღმერთმა დალოცოს ასეთი პროგრამები).

ამ ერთ კვირიანი ქვეყანაში არ ყოფნის გამო ყველა კორპორატიული წვეულება გამოვტოვე, ავცდი კუჭის, გულის, თვალების არევასა და სულის გადმობრუნებას, საახალწლოდ ყანწით მორთმეული გოზინაყებით.

ერში და ბერში რა ხდება არ ვიცი, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ბანკირი თანამშრომლები ბახუსიდან გამოსასვლელად ლამის ბორჯომიან წინდებს იცვამენ. აი დაახლოებით იმ კონტექსტში აღარაფერი რომ არ გშველის და სიცხის დასაწევად ძმრიან ნასკებს გაცმევენ ზუსტად ეგრე.

ახალი კონდიციონერი თოვლის ბაბუამაც კი არ მოგვიტანა და მე იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საფუძლიანი შესწავლიდან ბიზნეს სესხების ღრმა შესწავლას განვაგრძობ. სად იყო და სად არა თბილისში თოვლი მოვიდა, მწერლებსა და პოეტებს ათასგზის ხოტბა შეუსხამთ ამ არაჩვეულებრივი მოვლენისადმი. დაუწერიათ ათასი ლექსი და პროზა როგორ ჩამოდის ცა მიწაზე, როგორ გვახსენებს ბავშვობას და მის სისპეტაკეს და ასე შემდეგ მაგრამ, ჰოი, ტემპერატურა მხოლოდ ერთი ორი გრადუსით ჩამოცდა თბილისში ნოლს და ჩვენს ფილიალში მილები გაიყინა. არადა რამოდენიმე დღის ჩამოსული ვარ ქვეყნიდან სადაც მინუს ორმოც გრადუსზე ყველგან მოდის ონკანის ერთ მხარეს ცხელი წყალი და მეორე მხარეს არაყი. დღენახევარი დასჭირდა ტუალეტების აყროლებას მაქსიმუმისთვის რომ მიეღწია. თათბირზე სიტყვით გამოვიდა სერვის ცენტრის მენეჯერი, ისე მოგვახსენა მილები გაიყინა, რასაც გაზაფხულამდე არ ეშველებაო, გეგონება ამისათვის პაკლონი უნდა დაგვეკრა. იძულებული ვარ ტუალეტები გამოვკეტო და თქვენ სხვა ხერხს მიმართეთო. დაასრულა თუ არა ისეთი ზიზღიანი თვალებით გადმოგვხედა , თავდასაცავად, გეგონება ამ სიცივეში ბუნებრივი მოთხოვნილებები ჩვენი მოგონილი ყოფილიყო.

მეორე დღეს ეს ალტერნატიული საშუალება მე და შორენას 11 ლარი დაგვიჯდა. ორმოცდაათი თეთრი ღირს ქუჩის გადაღმა რომ ვაგზალია იმის ტუალეტი მიგვასწავლა დამლაგებელმა.ჩვენც მივადექით.ღია ცის ქვეშ დგას რკინის ორი კონსტრუქცია, ქალის მაგვარია ვინც ეს ფული გამოგვართვა, თან იცინის, ჩაცმულობაზე მიხვდა რომ ჩვენი დამლაგებლის ბანკირი თანამშრომლები ვართ. კარის სახელურს ქაღალდის ხელსახოცით ვაღებ ჯერ მე და მერე შორენა, რაც ჩვენ იქ დაგვხვდა ყველაზე საშინელ კოშმარშიც არ ექნება ბევრს ნანახი, მომენტალურად გავრბივართ და კი არ ვსხდებით, უფრო ვხტებით ტაქსში და მივექანებით უახლოეს სავაჭრო ცენტრამდე მეგალაინი. იმ დღე მივხვდი : გოგოებო და ბიჭებო! მაგარ შარში ვართ !

დაძაბული სიტუაციის განსამუხტად მე გადავიკითხე თუ რა ერქვათ ამინდის ღმერთებს ადრეულ ხანაში აქ და სხვა ქვეყნებში, და იდეა შემოვიტანე წარმართულ და მოქმედ ღმერთებთან, ერთად გვეთხოვა მალე გამოდარება, თანაც სხვადასხვა რიტუალების შესრულებით.

ხელფასის დღეებში ტაქსის ფულს ვინაწილებდით და გუდვილსა და მეგალაინში ორჯერ წასვლის ფუფუნება გვქონდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ბანკირებს ფული მხოლოდ ხელფასის დღეს აქვთ, რისი დახარჯვაც უნდა მოასწრონ, ხელფასის უმეტესი ნაწილი ხომ სესხის ან საკრედიტო ბარათის დასაფარად მიედინება, ეს პროცესი კი დაუსრულებლად გრძელდება. სხვა დღეებში ასეთ ხერხს მივმართავთ: მე ასაკით ყველაზე პარატა ვარ და ყველაზე გაბედული შენ უნდა იყოო დამაჯერეს გოგოებმა, ჩვენს ფილიალში სამ ბიჭს ყავს მანქანა, აქედან გიოს კუპე კაბრიო ყავს და სამი გოგო გაჭირვებით ვეტევით ჩვენ ისედაც გაჭირვებულები, ლაშას პასუხი ძირითადად „გასასვლელი ვარ სასწრაფო საქმეზე „ -ა და რჩება დათო. დათო ჯგუფის უფროსია, ყოველდღე მე და დათო ხვალიდან დიეტაზე ვართ. დღეში ერთხელ მივმართავ დათოს

- აუ დავით გაგვიყვან გოგოებს გუდვილში ან მეგალაინში?

- აუ დავით წავალთ დღეს შესვენებაზე მეგალაინში?

- აუ დავით მალე მოიცლი?

- ათ წუთში მზად იყავით -ურეაქციოდ მეუბნება დათოც.

სითხის მიღების კარანტინი შემოვიღეთ, ერთი, მაქსიმუმ ორი ჭიქა წყლის დალევის შანსს ვაძლევთ ჩვენს თავს. თან როგორი ძნელია, წარმოიდგინეთ ადამიანს აუწია ვთქვათ წნევამ, რაც სამუშაოს გადატვირთულობის დროს ძალიან ხშირია, წნევის წამალს ვერ დალევს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ყველა წნევის დამწევი x. ან ვთქვათ პახმელიაზე ხარ, რაც არც თუ ისე იშვიათობაა, სამსახურში ბახუსის გასახარად არაყს და ხაშს ხომ ვერ მიიღებ უხერხული სუნი აქვს მაინც, დარჩა წყლის წყურვილი რასაც ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ მერე კილომეტრებზე სირბილში შეიძლება ვერც კი შეასწრო.

ასე გუნდურად ერთმანეთის მოთმენით, გატანით და დათმენით მივაღწიეთ გაზაფხულამდე. გაზაფხულზე კი ასევე ერთსულოვნად ვიმკურნალეთ ყველამ, საშარდე სისტემის დაავადება სახელად „შეკავება“.


9 views0 comments

Comments


bottom of page