top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „გოდორი“

მაშინ როცა შემოდგომა აღმოსავლეთში ყურძნის მარცვლებში ჩაიღვრება, დალოცვილი მტევანი კი ამდენ მზის სხივს ვეღარ დაიტევს, ამას დაკრეფენ, გოდრებს გაავსებენ, მერე საწნახელში დაამღერებენ, ზედაშეს წესს აუგებენ.

მზის სხივით ლოყებდაბერილი ყურძენი საკლავის დაკვლას ითხოვს.

დაბადებასავით ელიან ქვევრები მასში სულის ჩასხმას.

მათარაში ამოვლებული ჩურჩხელები დაისის სხივებს პატარძლებივით ტანზე იხვევენ.

მიწიდან თუ ციდან ასე უხვად მოსული სითბო ოფლს გადენს, ასე ამონთხეული ამ ქვეყნის ამაოების დარდს ტყიდან გამოვარდნილი ქარი აციებს, ჯერ ცოცხალი ხარ.

მზე მტევანს საყურეზე ეკიდება, გოდორი თავის მუცელს ჩრდილში ასვენებს , მწვადი და ნაკვერჩხალი ერთმანეთს აღვივებს. ნაკურთხი სანთელი კიდევ ერთ საკლავზე ჩაიწვება უხმოდ.

საღამოობით ხეები ისე ირენდიბიან თითქოს ფოთოლცვენისთვის მათ ვინმე უბრაზდებოდეს.

სამეგრელოში შემოდგომაზე სიმინდს ოქროს ფასი აქვს. პაპუჩის ხუთი ქალიშვილი ყავს. არდადეგები სიმინდის ტეხვას ემთხვევა და გოგოები ქალაქიდან ჩამოდიან. ხუთ ჰექტარ ყანაში ცხენებს კაჭკაზე მეტად ღლიან, ძილის წინ ტეხურში ბანაობენ და ღომის ნაჭამი თევზებივით იძინებენ ზედა ოთახში,

- მურთო ძღაბეფ, მურთოოოოო (მოდიხართ, გოგოებო მოდიხართ) - ალიონზე იწყებს პაპუჩი ფუჩეჩზე ფიქრს და ჭის წყალს თავზე ისხამს.

ამ დროს ......

ჩემი სამსახურის ფანჯრიდან დიდუბის ავტოვაგზალი მოჩანს, ამ ჯერად. რაც უფრო დიდხანს ვიყურები ფანჯრიდან, მით უფრო ვრწმუნდები , რომ ნაგავსაყრელის შემდეგ მეორე ბინძური ადგილია ქალაქში.....

კონდინციონერი ცხელ ჰაერს უკნიდან თავში მიბერავს, ვხვდები ამ ზამთარს თუ გადავურჩი ზაფხულში მენინგიტი აუცილებლად მომკლავს. ამ კონდიციონერებს ხომ სიცივის ფუნქციაცა აქვს.

ამ ფილიალში ორმოცამდე ადამიანი მუშაობს, სამზარეულოში კი ათი გაჭირვებით ეტევა. ამიტომაც წინა დღეს ვთანხმდებით, ხვალ ვის რომელ საათზე უნდა მოშივდეს. საჯარო რეესტრის თანამშრომელი ჩემს ბედს შენატრის.ბანკომატი შემოსასვლელ კართანაა დამონტაჟებული, ამ გოგონას სამუშაო მაგიდა კი ბანკომატზეა მიდგმული.მაგიდის ქვეშიდან პლიტა აქვს ჩართული. იმის გამო რომ ფილიალი დიდია და მრავალფუნქციური, შემოსასვლელი კარი სულ ღიაა, შესაბამისად გოგონას, ვიმეორებ გოგონას,წელს ზევით სულ სცივა და წელს ქვევით სულ სცხელა.ამასთან თუ არ მოგისმენიათ ბანკომატი რა ხმას გამოსცემს როდესაც თქვენ ფულს იღებთ მე მოგიყვებით.ერთი ოპერაციის შესრულებისას, მაგალითად „აირჩიეთ ენა“ სამჯერ წრიპინებს, მერე ბევრი რკინა ერთმანეთს ეჯახება, აი ისე მძიმე ბოევიკებში რომ ხიდი დამსხვრევით ჩინგრეს, სიმძაფრე და ჯახუნი კი სამოცჯერ იმაზეა დამოკიდებული თუ რა კუპიურების ფული გაგაქვთ, თქვენ რომ წარმატებებს გისურვებთ კი ისევ სამჯერ ათავბს წრიპინით. აქედან დასკვა : ბანკირებისათვის ყველა უბედურება შედარებითია.

ჰმ, დღეს წვიმს და ისეთი ამინდია თითქოს გაუთენებლად დაღამდა. თამუნა დღეს სამარხვო ნაპოლეონს ჭამს, ეს ყველას გვაუწყა, მის მორწმუნეობაში რომ არ შევიტანოთ ეჭვი ალბათ, რატომღაც.... ჭამას რომ მორჩა ჩანგალზე დარჩენილი კრემი გალოკა და იკითხა:

- ჩემმა კლიენტმა მითხრა, მის თანამშრომელს რომელიღაც გაზეთში წაუკითხავს, რომ დღეს პატრიარქს ხიზილალის ხსნილი დაუშვია და ვინმემ ხომ არ იცით მართალია?

- გშია შენ ეხლა მაგრად ხო? კითხვა დაუბრუნა გიორგიმ, სანამ თამუნა მიხვდება რომ ეხლა უნდა გაცეცხლდეს, ორმოცდაათს მიღწეული მოლარე მანანა ამბობს :

- ამ მარხვაში შემწვარი ქათამი ძალიან მინდება, აი ისე, რაღაცნაირად და მამაოს კურთხევა რომ ვთხოვო ძალიან სირცხვილია?

ამ კითხვაზე კომენტარი ისე გაატარა ყველამ, თითქოს არც დასმულა.

ნატოს ბეიჯზე მეგრული გვარი აწერია და ასე მგონია ჭამას თუ მორჩება მეგრული აქცენტით დაიწყებს ლაპარაკს. არც შევმცდარვარ :

-შენს სართულზე, რომ ახალი გოგოა, გოროხია რიჟა, მაგაზე ამბობენ გველები უყვარსო და მართალია თუ იცი ?

- არ ვიცი, არ ვიცნობ, ჩემთვის არაფერი უთქვამს, - ვპასუხობ მე.

- შეგიძლია კითხო ? ამბობენ სახლში დიდი აკვარიუმი აქვს და შიგნით გველები ყავს - მასე ზოგს თაგვები ყავს აკვარიუმში, ზაზუნას რომ ეძახიან, რა მოხდა მერე -ვიხუმრე მე მაგრამ არავის არ გაეცინა.

წელიწადზე ცოტა მეტი ვიმუშავეთ ერთად, მეგობრულად მე და გორ

ოხიამ, ვერაფრით ვერ ვკითხე. ვერცხლის, გველივით დაკლაკნილი სამაჯური ეკეთა ხშირად, ამ და კიდევ ხუჭუჭა თმების გამო იფანტაზიორეს მეთქი ალბათ, ვფიქრობდი და ვაგრძელებდი ცხოვრებას.

ჩემს სართულზე სამუშაო ჯგუფის გენდერული ბალანსი დაცული იყო, მეტნაკლებად. სულ ახალგაზრდა კოლეგები ვართ, ძირირთადად ყველა დასაოჯახებელი. შესაბამისად პრობლემა დედამთილის სიდედრის და ქონების გაყოფა ვერ გაყოფის არ ვმძიმდებით. რაც ძალიან მახარებს.

ისე, თუ კი არაბანკირი მეგობრები არა გყავს,ან გყავს და მათ ნახვას ხშირად ვერ ახერხებ ეს ძალიან ცუდია. ყოველდღიური რუტინა ისე ატრიალებს შენს თავბრუს, რომ დროის ძირითად ნაწილში გჯერა, რომ ეს სიტუაცია სულ ასე იყო და სულ ასე იქნება, რაც გუშინ იყო იგივეა დღეს და არანაკლებ იგივე იქნება ხვალ. ყველაზე აყროლებული კლიენტის სუნსაც კი არ შეუძლია გამოგაფხიზლოს და შეგაგრძნებინოს რომ დრო, რომელსაც სამსახურში ატარებ შენი არ არის.

ჩემმა სხეულმა კი კოლოსალურ ზომას მიაღწია, ეს იმიტომ რომ ბონუსის და ხელფასის დღეებში რესტორნებში დავრბივართ, მერე მართალია ჩვენი კლიენტების უმეტესობა მუშები არიან, სამაგიეროდ არასოდეს გვაკლია ქართული თუ უცხოური წარმოების ნამცხვრები, ორცხობილები, ძეხვეული, და ათასი სასუსნავი პატივისცემი ნიშნად. ჩვენც რას ვიზამთ თუარ ვჭამოთ. მეთექვსმეტე ბაინდერში კონიაკი თუ გათავდა და ჯერ არავის მოურთმევია ჩვენ თვითონ ვყიდულობთ., მაინც ასე უფრო დამშვიდებული გვაქვს გული როცა ბოთლი სავსეა, რა იცი დღის ბოლოს ვინ როგორი დაშლილი ვართ, ვრედნი ბავშვის ხელში მოხვედრილი თოჯინასავით. მოკლედ ეს ბანკური ხუმრობები, ყოველდღიური რუტინა, იმან ის მითხრა, იმან ეს, მე ეს ვუთხარი არადა ის მეთქვა ნეტავ, შემდეგ რამეს გმართებს: კვერცხს ყვითელი გული აქვს, თუ ათქვეფ და შაქარს დაუმატებ, ათქვეფილი თოვლისფერი მასა გამოვა, უსახელო რამ.ის ვისაც მცდელობა ქონდა ბანკიდან გაქცეულიყო მაგრამ ვერ მოერია არ იცის კი რას. ისევ ბანკის თანამშრომელია. ვხედავ ვერც კი უგრძვნია ისე გავს მისი კანის ფერი ამ თეთრ კედლებს, სულის ხმა იმდენჯერ გააჩუმა რომ ახლა სჯერა რომ მუნჯია, ფანტაზიას კარგის წარმოდგენით აღარ შლის, ძალიან მტკივნეულია. საერთოდაც ისეთი უგრძნობია, რომ თავის უგრძნობელობას ვერც კი გრძნობს, ხანდახან ძალით ტირის ხოლმე , ეგ არის და ეგ.

ერთ დილას თემოს სტაჟიორი ნინო მოდის და მთხოვს „შენი ტელეფონიდან დავრეკავ რა „

თავი დავაქნიე და მეილის წერას განვაგრძობ, ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ ყურმილის იქიდანაც მესმის პასუხი და მეცინება :

-გამარჯობათ ჩიღოშვილის კლინიკაა?

-დიახ გისმენთ.

-უკაცრავად ქალიშვილობის აპკის ოპერაციასთან დაკავშირებით ვრეკავ

-ეხლავე გადაგრთავთ გოგონი ერთი წუთით

-გისმენთ- პასუხობს გადართული

-უკაცრავად, მე ქალიშვილობის აპკის ოპერაციასთან დაკავშირებით ვრეკავ,

-აუ შეეშალა გადმომრთველს ეხლავე გადაგრთავთ,

-კარგით ოღონდ იმდენჯერ ნუ გადამრთავთ რომ დედაჩემთან მოვხვდე

ვიცინით.

-გოგონა რამდენი წლის ხართ?

-იცით ჩემს მეგობარს აინტერესებს და ის ამდენის და ამდენის (არ მახსოვს)

-ნუ გეშინიათ გოგონა აქ ყველა თავისი მეგობრისთვის რეკავს და მოდის.

სამივე ვიცინით.

-ერთდღიანი ქალიშვილობის აპკის აღდგენა 150 ლარი ღირს, ხოლო მუდმივი 300.

-დიდი მადლობა.

მე იმთავითვე შოკში ვარ ასეთი სერვისის არსებობით და ვთხოვ ხომ მაინც შენს მეგობარს აინტერესებდა და მარტო შორენას ვეტყვი მეთქი. მე და შორენა ერთად ვიცინით ბევრს და მარტო მანჩოს ვუყვებით. სამივე კი იმდენს ვიცინით ნაშუადღევს ეს ამბავი სტაიანშიკმაც იცის.

11 views0 comments

Comments


bottom of page