top of page
Search
  • saqcomisio

აბზაცი „ახალი გაზაფხული“

განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ გაზაფხულის მიმართ. მარტის ცვალებადი ამინდები ბაგუნით მოქმედებს ჩემს გულზე. ტერფებში დაგუბებული სისხლით ჩავარდნილი წნევა კი თავში მივარდება ერთი ჭიქა ყავის შემდეგ, თანაც ისე თითქოს ერთი სანტიმეტრით მეზრდება კეფიდან შუბლი.

ჩემი სესხების ზომამ იმას მიაღწია რომ ხელფასს ზემოდან ასი ლარი უნდა დავამატო, ამ და სხვა ბანკებში თანხა ყველას ეყოს. ისე, ცხოვრებაში ვალს ვალი როგორც ემატება ისე შეგროვებისას ემატებოდეს კაპიკს კაპიკი , გაცილებით იოლი იქნებოდა ეს მბრუნავი სამყარო. როგორც მინიმუმ მაისამდე ბონუსის იმედი არ უნდა მქონდეს, თებერვალი საერთოდ ისეთი ჩავარდნილი თვე იყო ბანკში შემოსულ კლიენტებს ლამის აქეთ ვაძლევდით ფულს თანამშრომლები. ერთი სესხება თამარასგან ვისესხე ფული, მერე ეკას გამოვართვი და თამარას მივეცი, მერე ნანას ვესესხე და თაკოს მივეცი, ამის მერე ისევ თამარას და შემდეგ ისე ვატრიალებდი ამ ლატარეას სანამ ერთ-ერთი ბანკის სესხი არ დამთავრდა. ამ თვის შემდეგ ასი ლარი მრჩებოდა კიდეც. სამსახურში ფეხით დავდივარ, მაინც ჯანმრთელობაა, მერე რა რომ წვიმაშიც. საჭმელი ხან სახლიდან მომაქვს ხან თამარას ვუჭამ. ეკას ყავა უყვარს, ოღონდ მარტო დალევას ურჩევნია მეც გამიმასპინძლდეს, თანაც ყოველდღე. აჩიკოს არ უჭირს და მარტო მოწევას ურჩევნია ყოველდღე ერთით მეტი ყუთი სიგარეტი იყიდოს. მამუკა ახალი თანამშრომელია, ცოლს გაშორდა ახლახანს და გულის გადასაყოლებლად ყოველ მეორე ვიქენდზე ჩემს გოგოებთან საარშიყოდ კოქტეილებს არ იშურებს. ტანსაცმელი ცოტა შემომექუცა მაგრამ ნინის დედამ დამიგრძელა და დამიმოკლა იუბკები., მორჩენილი ნაჭრებისგან ჟილეტები და პერანგები ამიწყო. მართალია ხან ძაფი სად მერღვეოდა და ხან ღილი, მაგრამ პოზიტიური ადამიანი ვარ და იმედს ასე ადვილად არ ვკარგავ. შვებულებების პერიოდში ყველაზე მეტად გამიჭირდა, ისე გამიჭირდა რაღაც მომენტში ვიფიქრე, დიდი სტაჟიანი თანამშრომელივით ვიწყებ გაბოროტებას მეთქი. თითქმის ყველა შვებულებაში გავიდა. ისეთი თანამშრომლები შემორჩნენ მხოლოდ მის ბეიჯზე ამოტვიფრულ სახელსა და გვარს ვიცნობ. ან მოკლე ვადით სხვა ფილიალიდან გადმოყვანილი ერთსახოვანი გოგონები, აი ისეთები უბრალოდ რომ გაუღიმო, ღიმილსაც კი მომავალი რომ არა აქვს.

ექვს საათზე სახლში მივდივარ ფეხით. შვიდიდან ათ საათამდე მძინავს. ათზე ცოტა გრილდება, ძველ უბნებში დავსეირნობ თორმეტამდე. ჭიქის ნაყინს ვჭამ და ვფიქრობ „როდემ, როდემდე იქნება ასე“. იმ დღესაც ჩვეულებრივად, მოწყენილი ლიზა სიმპსონივით გამოვდიოდი სამსახურიდან. ერთ ერთი თანამშრომელი ბიჭი დამხვდა კარებში სხვა ფილიალიდან, გასაღების ტრიალით:

- როგორ ხარ?

- კარგად შენ? აქ რა გინდა ?:

- შენთან მოვედი.

- ჩემთან ?! -მაგრად გამიკვირდა.

- ხო წამო დაჯექი მანქანაში სახლში მიგიყვან.

- ახლოს ვცხოვრობ.

- მაშინ სადმე წაგიყვან

- კარგი -კბილები დავკრიჭე

- სად წავიდეთ?

- გააჩნია რამხელა საქმე გაქვს, იმხელა მანძილზე წავიდეთ და მერე იმავე მანძილიდან უკან მოვბრუნდეთ და ეგაა რა.

- მმმ, იმხელა საქმეა, დაახლოებით აქედან ვერამდე.

- ხოდა ვერაზე წავიდეთ.

საქმე ეხება გიგას. მას სხვადასხვა ფილიალებში შვხვედრილვარ წლების განმავლობაში. თავის თავს ძალიან გონებამახვილ ადამიანად მიიჩნევს. საკრედიტო ექსპერტობის, თანამდებობის გამო კი იმდენად თავდაჯერებულია რა მოხდა თუ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ათჯერ, ჩემს დაუკითხავად ამოიღოს უჯრიდან სიგარეტი. არადა ორი ტიპის კაცებს ვაფასებ ყველაზე ნაკლებად ცხოვრებაში, ერთი ვისაც ქუჩაში სეირნობისას გოგოს ჩანთა თვითონ მოაქვს და მეორე, ვისაც ქალის ნივთებში ხელის ჩაყოფა შეუძლია. ასევე ვიცნობ გოგას მეგობარს, სანდროს. სანდრო თავიდან ცოტა ნორმალური მეგონა, მაგრამ იმ კატეგორიის ნარცისი აღმოჩნდა, ყველა იუბკასთან რომ არშიყობს და ამის გამო ჰგონია რომ ყველაფერზე ურიგოდ მიესვლება. სანდროს სიმამრს ჯიპი უყიდია მისთვის. სანდრო რამდენიმე დღეში ამ ჯიპით, გამოუფხიზლებლად შეასკდა ბოძს. გუშინწინ ხელ ფეხ-მოტეხილ სანდროს ფანჯრიდან დავუნახივარ, ბევრი უფიქრია და ისეთი გენიალური იდეა მოსვლია თავში : მისი მანქანა დაზღვეული არ იყო. ავარიის შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე დღე გავიდა მხოლოდ.ზუსტად მისნაირი მანქანა ყოლია ვიღაც სპორტსმენს, შეგვიძლია მისი მანქანის ნომრები იმ სპორტსმენის მანქანას მივაკრათ სურათებისთვის. პროგრამაში უკანა თარიღით დავარეგისტრიროთ და ავარიის ინსცენირება თავიდან მოვახდინოთ. სადაზღვევოს მიერ ანაზღაურებული თანხიდან კი იმ პროცენტს მივიღებდი რაც ხუთ ან ექვს ათას ლარს უდრიდა. გაოცებისაგან რომ არ დავმხრჩვალიყავი ერთი ჭიქა ყინული გადავყლაპე ლამის.

- თან როგორი გაჭედილი ყოფილხარ, შენს სესხებში რომ ჩავიხედე , ფშშ, -ვითომ ორ აზროვნად აქიცინებს თავის ცარიელ თავს გიგა. თან დარწმუნებულია რომ გავიღიმებ.

- იცი როგორი პონტია, ბაბუაჩემმა დამიბარა, რაც არ გერგება არ შეგერგებაო, ხოდა ჩვეულება რჯულზე უარესიათქო გაგიგია ?

გიგამ ვერ გაიგო.

- ჯერ ერთი ჩემი იმედი არ გქონდეთ მაგ საქმეში, და საერთოდაც ვისურვებ ეგ არ გამოგივიდეთ, თორემ ორივე ისეთი ენა გრძლები ხართ, მთელი თბილისის გველებს ამოიყვანთ ხვრელში მარიაჟობით ასე ვქენი და ისე ვქენიო. იცოდე არავისთან წამოგცდეთ ეგ წინადადება მე რომ შემომთავაზეთ თორემ, მერე ვინ სად გაიჭედება მაგასაც ვნახავ -ბრაზი მოვიქნიე თვალებში და მანქანის კარი მოვიჯახუნე.


5 views0 comments

Comments


bottom of page